კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს დაპირისპირება ანგარიშით 4:4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანისა და ხულიან ალვარესის გატანილი ბურთების შემდეგ, "როხიბლანკო" მე-6 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. შემდეგ კი "ბლაუგრანამ" ქამბექი შემოგვთავაზა.
პირველი ტაიმის ბოლოსთვის კატალონიური გუნდი იგებდა 3:2-ს - პედრი გონსალესის, პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესის გოლების შემდეგ. შეხვედრის 74-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ "ინდიელთა" კარში შეაგდო მე-4 ბურთიც და ამით, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ამჯერად, თამაშში დაბრუნება უკვე სტუმრებმა შემოგვთავაზეს.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" კარი ჯერ აიღო მარკოს ლორენტემ, შეხვედრის მიწურულს კი ალექსანდერ სორლოტმა. ასეთი იყო რვაგოლიანი თრილერი მონჟუიკის ბინადრებსა და დიეგო სიმეონეს გუნდს შორის. საპასუხო მატჩი გაიმართება 2 აპრილს, ამ წყვილში მოგებული კი რეალ მადრიდსა და სოსიედადს შორის ერთ-ერთს შეხვდება.