2008 წლის 13 დეკემბერი - პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემს შორის უგოლო ფრე დაფიქსირდა. იმ თამაშში მონაწილეობა მიიღო 27-მა ფეხბურთელმა, 25-მა მათგანმა უკვე დაასრულა კარიერა, მოქმედად რჩება 2. სპორტიდან წავიდა რაფაელ და სილვაც კი, რომელიც ჰოტსპურთან შეხვედრის მომენტში სულ რაღაც 18-ის იყო.
მოედანზე იმყოფებოდა მაიკლ კერიკიც, ვინც დღეს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელია. რაც შეეხება იმ ორ აქტიურ ფეხბურთელს - კრიშტიანუ რონალდუ და ლუკა მოდრიჩი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მომავალი ლეგენდები ერთმანეთს მოედანზე გადაეყარნენ. რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ისტორიაა.

2008/2009 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა შემტევმა დატოვა ალექს ფერგიუსონის გუნდი და იმ დროისთვის რეკორდული 94 მილიონის სანაცვლოდ მადრიდის რეალს მიაშურა. 3 წლის შემდეგ, ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა ექს-ვინგერს შეუერთდა ხორვატი ფლეიმეიქერიც, რომლის ტრანსფერსაც ჯიუტად ითხოვდა "სამეფო კლუბის" იმდროინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო.
პორტუგალიის ნაკრების შვიდიანი სანტიაგო ბერნაბეუზე შემოიჭრა ტრიუმფალურად და სადებიუტო სეზონში მან 35 მატჩში 33 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუს ტრავმის გამო დიდი დროც გაუცდა. მასზე შედეგიანი დებიუტანტი ფლორენტინო პერესის კლუბში აღმოჩნდება მხოლოდ კილიან მბაპე, რომელიც 1-ელ წელს 44 ბურთს შეაგდებს.

სადებიუტო სეზონის შემდეგ, პორტუგალიელი თავდამსხმელი რეალში 51-გოლიან ნიშნულს ექვსი წლის განმავლობაში არ ჩამოცდა. მისი კარიერა მადრიდში დასრულდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის სტატუსით: 438 შეხვედრა, 450 გატანილი ბურთი, უბრალოდ კოსმიური შედეგი.
რაც შეეხება ხორვატიის ნაკრების კაპიტანს, ესპანური კარიერის სტარტზე "ლოს ბლანკოსში" მას სირთულეები ჰქონდა. ადგილობრივმა პრესამ პრიმერა დივიზიონის 2012/13 სეზონის 1-ელი ნახევრის ყველაზე წარუმატებელ გარიგებად სწორედ "ბალკანელი კრუიფის" ბერნაბეუზე გადასვლა შერაცხა.

პრესა ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ 35 მილიონი ევროს გადახდა 26 წლის ნახევარმცველში პერესისთვისაც კი გადამეტებული იყო. ამ ყველაფერს დავუმატოთ სხვადასხვა ექსპერტებისა და ჟურნალისტების კრიტიკა, მაგალითად, ხოსე მარია გუტი ღიად აცხადებდა, რომ ლონდონური კლუბის ყოფილი მე-14 ნომერი რეალის დონეს არ შეესაბამებოდა.
მწარე დასაწყისი დაგვირგვინდა ტკბილი დასასრულით - მადრიდული გუნდის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ვინც საერთო ჯამში 28 ჯილდო მოიგო. 40 წლის ფლეიმეიქერის ანგარიშზეა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 6 თასიც და მასზე მეტჯერ აღნიშნული გათამაშების ტრიუმფატორი არავინ ყოფილა.

მოდრიჩმა 2018 წელს მოიპოვა ოქროს ბურთიც კი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საფეხბურთო სამყარო ლიონელ მესისა და კრიშტიანუს პირადი დუელის ადგილად იყო გადაქცეული. უშუალოდ "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთან ერთად, ხორვატი ფლეიმეიქერი ევროპის ტრიუმფატორი 4-ჯერ გახდა.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების შვიდიანმა და ლუკამ ერთად იზეიმეს ლა დეციმა (ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-10 ტიტული კლუბისთვის და პირველი, 12-სეზონიანი პაუზის შემდეგ), ასევე მიყოლებით 3 ჩემპიონობაც, 2016-2018 წლებში. შედეგი, რომელსაც ოდნავ მხოლოდ თანამედროვე პარი სენ-ჟერმენი მიუახლოვდა.

პსჟ-მ ჩემპიონთა თასიდან - ჩემპიონთა ლიგაზე გადასვლის ეპოქაში ტიტული მოიპოვა ზედიზედ ორჯერ, რეალის რეკორდამდე კიდევ ერთი ტრიუმფია საჭირო. დავუბრუნდეთ რონალდუსა და მადრიდელთა ექს-ფლეიმეიქერს, რომელთა გზები 2018-ის ჩემპიონობის შემდეგ გაიყო. პორტუგალიელი ფორვარდი გადავიდა ტურინის იუვენტუსში, "ბალკანელი კრუიფი" კი დარჩა და კოლექციას კიდევ 2 თასი შემატა.
კრიშტიანუ და "სამეფო კლუბის" ყოფილი ათიანი წლების განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები, ვინც ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ ერთობლივად, მაგრამ აშშ-ს მუნდიალზე ისინი ერთმანეთის ოპონენტები არიან. როგორც ვიცით, 1/16 ფინალში პირენეელები და ბალკანელები სწორედ ერთმანეთს შეხვდებიან.

როგორც ალ ნასრის კაპიტნისთვის, ისე 40 წლის ნახევარმცველისთვისაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო ცეკვა იქნება. ორივე მათგანი არიან თავიანთი ეროვნული გუნდების ლიდერები, რომლებიც ამართლებენ ერთ ცნობილ ფრაზას: ასაკი მხოლოდ ციფრებია. აღნიშნული სიტყვები ხშირ შემთხვევაში ბანალურობაა, მაგრამ "ლუზიტანთა" მე-7 ნომრისა და მოდრიჩის შემთხვევაში ეს სრული სიმართლეა.
41 წლის თავდამსხმელი, თავის არგენტინელ მარადიულ მეტოქესა და გილიერმო ოჩოასთან ერთად თამაშობს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატს, ხორვატი ფლეიმეიქერი კი მეხუთეს. 6 მუნდიალი იქნებოდა მის ანგარიშზეც, რომ არა 2010-ის იმედგაცრუება. აღნიშნული ფაქტი ლეგენდის მემკვიდრეობას სულ არ აკნინებს.

რონალდუ გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის გარდა, ის ერთ მატჩში ორი გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორია მუნდიალებზე. თავისი სიტყვა აშშ-ს ტურნირზე თქვა ლუკამაც, ისიც ყველაზე ასაკოვანია, ოღონდ ასისტის შემსრულებელთა შორის.
ბოლოს კი ვისაუბროთ ლეგენდების ურთიერთმატჩების ისტორიაზეც, სადაც გვხვდება პორტუგალიელი თავდამსხმელის დომინაცია - 10 მატჩი, 9 მოგება და ფრე. სტატიის დასაწყისში ჩვენ გავიხსენეთ კრიშტიანუსა და უაით ჰარტ ლეინის მკვიდრთა ექს-ფლეიმეიქერის 1-ელი შეხვედრა, რომელშიც 0:0 დაფიქსირდა.

იმ მატჩის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა "უჯრებიანების" ათიანი დაამარცხა ცხრაჯერ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ასპარეზზეც. პირენეელთა მე-7 ნომრის უკანასკნელი 4 მოგება დაფიქსირდა სწორედ საერთაშორისო შეხვედრებში: ევრო 2016-ის 1/8 ფინალში, 2-ჯერ ერთა ლიგაზე და 1-ხელაც ამხანაგურ დუელში.
"ბალკანელმა კრუიფმა" თავისი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში მიაღწია პრაქტიკულად ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, თავისი 41 წლის ექს-თანაგუნდელის წინააღმდეგ მას არასდროს მოუგია. ვნახოთ, რა იქნება აშშ-ს მუნდიალის 1/16 ფინალში: რონალდუს საიუბილეო, მე-10 გამარჯვება თუ მოდრიჩის პირველი ტრიუმფი.















