დღეს დიდიე დეშამი ჩაატარებს ბოლო მატჩს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, რის შემდეგაც მას ზინედინ ზიდანი შეცვლის. ცნობილი ფაქტია, რომ "მამლების" ამჟამინდელ დამრიგებელზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებდა შედარება და პარალელის გავლება თანამემამულე სპეციალისტთან.
რამდენიმე წლის წინ, ამ ფაქტის შესახებ ღიად ისაუბრა ცნობილმა ჟურნალისტმა,დანიელ რიოლომ, ვინც აღნიშნა, რომ ფრანგ მწვრთნელს მადრიდის რეალის ექს-დამრიგებლის გამო ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი გაუჩნდა. "დედე" მაქსიმალურად წელავდა დროს იმისთვის, რომ "ლურჯებში" დარჩენილიყო დიდი ხნით, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია "ზიზუსთვის" ადგილის დათმობა.
"დეშამს არ უნდა, რომ საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს ზიდანმა და ის ამ მომენტის მაქსიმალურად გადავადებას ცდილობს. მას აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ხალხი ზინედინში ხედავს მხსნელს, სპეციალისტში, რომელსაც "მამლებში" არასდროს უმუშავია. თავად დიდიემ ეროვნულ გუნდს მოაგებინა მუნდიალი, მაგრამ ყველას ერთი სული აქვს, თუ როდის წავა ის.
ფრანგ მწვრთნელს ნამდვილი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც პლატინიმ განაცხადა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა წყლის ბოთლების მოტანას უკავშირდებოდა. იმის შემდეგ, "ლურჯების" დამრიგებელი ცდილობს იმის დამტკიცებას, თუ როგორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად, ის მუდამ თანამემამულე ლეგენდების ჩრდილში დარჩება", - აცხადებდა ფრანგი ჟურნალისტი.















