ვიქტორ გიოკერეში 2024 წლის აღმოჩენაა. იანვრიდან მოყოლებული - დღემდე, მის ანგარიშზე უკვე 58 გოლია და ცნობისთვის, დროის ამ შუალედში მანჩესტერ სიტის კარში შესრულებული ჰეთ-თრიკიც იყო. როგორც ვიცით, ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რეკორდი ეკუთვნის ლეო მესის, რომელმაც 2012 წელს მეტოქეების კარი 91-ჯერ აიღო.
არგენტინელ შემტევთან მიახლოება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა შვედ თავდამსხმელს ძალიან მარტივად შეუძლია მეორე ადგილზე გადანაცვლება, სადაც ამ დროისთვის 69 ბურთით კრიშტიანუ რონალდუ და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ლისაბონის სპორტინგის ფორვარდს სჭირდება 12 გოლი, წლის ბოლომდე კი კიდევ 8 მატჩია.
"ლომების" ცხრიანს უწევს ექვსი შეხვედრის ჩატარება პორტუგალიის ჩემპიონატში და ორი მატჩის ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მოწინააღმდეგეები ლონდონის არსენალი და ბრიუგე იქნებიან. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 26 წლის ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონია.