ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
აღდგენით ვარჯიშებზე
პორტუგალიასთან საკმაოდ ემოციური მატჩი იყო. ბედნიერები ვართ, რომ დღეს აქ ვართ. საქართველოს ნაკრებს აღსადგენად უფრო ნაკლები დრო ჰქონდა, ვიდრე ესპანეთს, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არაა, რადგან სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს და მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის.
7-1 მარცხზე
ბოლო 3 წელიწადში ესპანეთს 4-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა წავაგეთ, 7:1 მარცხი ყველაზე მძიმე იყო, თუმცა სირთულეების გარეშე არაფერი ხდება. აქამდე რომ მოვსულიყავით, ბევრი სირთულე გავიარეთ, დღეს კი განსხვავებული რანგის ტურნირზე ვართ და ის წაგებები არაფერს ნიშნავს, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ.
ესპანეთის ნაკრებზე
ესპანეთის ნაკრები ამჟამად ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებია. როგორც უკვე ვთქვი, ხვალ განსხვავებული სიტუაცია და ატმოსფერო დაგვხვდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
დაახლოვება საქართველოსთან
კარგმა შედეგებმა და ჩვენმა აქ ყოფნამ ქვეყანასთან დაახლოვება გამოიწვია. ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს, თუმცა საქართველოს კარგად გავუგე, ამ ქვეყანაში უკვე დიდი დრო გავატარე და თბილისში ბედნიერი დავბრუნდები. როცა მუშაობ ისეთ ადგილას, რომელიც მოგწონს, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
ტაქტიკურ მონახაზებზე
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სათამაშო სტილი, ვიცით, როგორ ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ ფეხბურთი არ არის მათემატიკა ან ჭადრაკი, რომ რაიმე წინასწარ გათვალო. ტაქტიკის გარდა, ფეხბურთელმა მოედანზე თავისუფლად უნდა ითამაშოს, მთელი ემოციებითა და შეგრძნებით.
იამალი-ვილიამსის დუეტზე
ესპანეთისგან ყველა მხრიდან საფრთხეს უნდა ველოდოთ. მათ ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ყოველ კვირა ტოპ მატჩებს თამაშობენ. იამალი 16 წლისაა და ხედავთ, რა დონეზე თამაშობს. 16 წლის რომ ვიყავი, რას ვაკეთებდი არ მახსოვს. იმავეს ვიტყოდი ვილიამსზე, ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.