გამარჯვების, განუსაზღვრელი შესაძლებლობების, სიკეთის, გულწრფელობისა და ჟინიანი ბრძოლის გამოვლენისთვის ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული პარამკლავჭიდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ვახტანგ ახობაძემ დაიმსახურა.
ქართველი პარამკლავჭიდელი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატი კი ორჯერ აქვს მოგებული.
ხალხის სიყვარულისა და სახალხო აღიარების შესახებ, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ვახტანგ ახობაძემ LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა. პარამკლავჭიდელი აცხადებს, რომ ხალხის სიყვარული მოტივაციას მატებს:
„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ხალხის ასეთ დიდ მხარდაჭერასა და სიყვარულს, არც ასეთ დაფასებასა და ამდენ საჩუქარს, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ რა თმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხი ასეთ სიყვარულს გამოხატავს. ახლა, საქართველოში სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და მეუბნებიან, რომ ძალიან უხარიათ ჩემი გამარჯვება, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს, ძალას მმატებს და სურვილი მაქვს კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის.“
როგორც ვახო აცხადებს, მკლავჭიდის სერიოზულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღმოაჩინა რომ ძლიერი მაჯა ჰქონდა:

„თავიდან, როცა მკლავჭიდში მოვსინჯე ძალები, ძლიერი მაჯა აღმომაჩნდა და გავაგრძელე ვარჯიში, მიყვარს სპორტი, დარბაზი და ვარჯიში, ბევრს ვშრომობ და მიხარია, როცა შრომა ფასდება.“
მსოფლიოს ჩემპიონმა ვარჯიში ქუთაისში, 1999 წელს დაიწყო და მას შემდეგ ძალიან ბევრს შრომობს, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს:
„დიდი ხანია ვვარჯიშობ, თავიდან ქუთაისში, ავთო ახვლედიანის დარბაზში დავიწყე ვარჯიში, შემდეგ ირაკლი გამთენაძე გახდა ჩემი პირადი მწვრთნელი და შევძელით ბევრი, დიდი გამარჯვების მოპოვება. ირაკლი ძალიან მეხმარება გამარჯვებაში და ყოველთვის ჩემთანაა. მინდა ყველა ადამიანს, რომელსაც წვლილი შეაქვს, მხარდაჭერა გამომიცხადა, მეხმარება და შანსი მომცა მადლობა ვუთხრა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს და იმედი მაქვს, მომავალში ჩემი გამარჯვებებით კიდევ ბევრჯერ გავახარებ.“
ვახო ახობაძის სპორტული გზა ქუთაისში, 1999 წელს იმ პერიოდში დაიწყო, როცა ქვეყანაში რთული პერიოდი იყო და შესაბამისად, არც ვახოსთვის ყოფილა ხელმისაწვდომი სრულყოფილი პირობები. ვახომ ავთანდილ ახვლედიანთან დაიწყო დარბაზში ვარჯიში. როგორ აღმოაჩინეს ვახტანგ ახობაძის ნიჭი და რა გზა გაიარა ჩემპიონმა, LaGazzetta.ge-სთან საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის პრეზიდენტი ავთანდილ ახვლედიანი საუბრობს:
“1999 წელს მამამ და პროფესორმა ქობულაძემ მოიყვანეს, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ვარჯიში საჭირო იყო, სიარული უჭირდა. ვარჯიშის შემდეგ კი შეძლო თავისუფლად სიარულიც და სირბილიც. ვარჯიში რეაბილიტაციის მიზნით დაიწყო, შემდეგ შევატყვე რომ ძლიერი მაჯა ჰქონდა და მკლავჭიდში ვარჯიში ვურჩიე. დარბაზში პირობებიც არ გვქონდა, ინვენტარიც არ იყო, მკლავჭიდის მაგიდები მქონდა, ვავარჯიშებდი სპორტსმენებს და ვახომაც დაიწყო ვარჯიში, შემდეგ დაგვყავდა საქართველოს ჩემპიონატზე, ყველას უგებდა. მერე საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციამ პარამკლავჭიდიც ჩამოაყალიბა და ვახოს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაეხსნა.
ვახო ძალიან კარგი პიროვნებაა, გულწრფელი, მონდომებული, ყველა უყვარს, ეკლესიაში დადის, წირვა-ლოცვას არ აცდენს და ვინც ვახოს იცნობს, ყველა გეტყვით, რომ გულწრფელობით გამორჩეული პიროვნებაა.”
ვახო ახობაძის მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შესახებ საუბრობს ვახოს პირადი მწვრთნელი, ირაკლი გამთენაძე:

“2000 წლიდან ვავარჯიშებ ვახოს, ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებულია. ზოგჯერ ვეუბნები წადი დარბაზიდან საკმარისია, ზედმეტი ვარჯიში ორგანიზმისთვის არ შეიძლება, რადგან ძალების აღდგენა უნდა შეძლოს. სურს ვარჯიშის დახმარებით გაძლიერდეს და როგორც სპორტსმენი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვახოს სპეციალურ ვარჯიშებს ვურჩევ, სპეციფიკური მიდგომა მაქვს და ისე მოვაძლიერეთ, ახლა ყველასთვის საშიში მეტოქეა.“
ქართველის ხალხის სიყვარულით მოტივირებული ვახო ახობაძე ვარჯიშს განსაკუთრებული მონდომებით აგრძელებს და გულშემატკივარს მორიგი გამარჯვებით გახარებას ჰპირდება.











