საქართველოს ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე პოდკასტ "Legends Lounge"-ის სტუმარი იყო. ცნობისთვის, პოდკასტის წამყვანები რიო ფერდინანდი და ჯოელ ბეია არიან. გადაცემის დაწყების წინ, ლეგენდარულმა უკანახაზელმა საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგნაირად წარადგინა:
"ევროპის ჩემპიონატებზე ყოველთვის არის ის ერთი გუნდი, რომელიც ყველას აოცებს - დანია 1992 წელს, საბერძნეთი 2004 წელს, თურქეთი 2008 წელს, უელსი 2016 წელს. ევრო 2024-ზე ასეთი გუნდი საქართველო იყო. ვფიქრობ, რომ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. მათი თამაშის ყურებისგან ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე", - განაცხადა ლეგენდარულმა ინგლისელმა უკანახაზელმა.
"ჯვაროსნების" წარდგენის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ცენტრალური მცველი გადაერთო ქართველ ვეტერანზე, რომლის მიერ გატანილი ბურთების რაოდენობით ის გაოცებული დარჩა. ცხადია, პოდკასტს არ ჩაუვლია ქართული გვარების წარმოთქმის სწავლების გარეშე და როდესაც საუბარი ჩამოვარდა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა:
"ნახეთ ესპანეთთან კვარაცხელიას დარტყმა მარცხენა ფეხით? კარს ძალიან ცოტათი აცდა, საკუთარი ნახევრიდან დაარტყა. ჩემთვის ეს გოლია, ბურთის კარში შესვლა არ არის მთავარი. 23 წლის ასაკში სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. ხვიჩას პატარა ძმაც ნანახი მყავს და ისე ჩანს, რომ მასზე უკეთესია. ის 16 წლისაა", - განაცხადა არველაძემ.
ამის შემდეგ, საუბარი ფერდინანდმა გააგრძელა, რომელმაც ჩვენი ნაკრების მიმართ სიმპატიები ვერ დამალა:
"თქვენი ფეხბურთელები ამაყები უნდა იყვნენ იმით, რაც გააკეთეს და ამით ქომაგებმაც უნდა იამაყონ. იმან, რაც საქართველომ გააკეთა, ყველა აალაპარაკა. ყველა კითხულობს: "ნახე ამ გუნდის თამაში?"
თქვენმა ბიჭებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს. გყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ზღაპრულად ითამაშეს. ჩემთვის საუკეთესოები და ყველასგან გამორჩეულები არიან თქვენი ქომაგებიც. ქართველი ფანები ოჯახებთან ერთად მოდიან, ყველა ბედნიერია, ამ ხალხმა თქვენი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოაჩინა", - განაცხადა რიომ.