UEFA ახალ წესზე აქტიურად მუშაობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო, 2025/26 წლების სეზონიდან უნდა ამოქმედდეს.
გუნდები, რომლებიც ლიგის ფაზაში საუკეთესო 8 ადგილს დაიკავებენ, პლეი-ოფში მეორე მატჩს სახლში გამართავენ — აღნიშნული წესი 1/2 ფინალამდე იმოქმედებს. თუ მანამდე ერთმანეთს ტოპ 8-ში გასული გუნდები დაუპირისპირდებიან, უპირატესობა უკეთესი ადგილის მქონეს მიენიჭება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით მიმდინარე სეზონში პირველად ტარდება. UEFA-მ ჯგუფური ეტაპი გააუქმა და გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაზარდა. ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ, საუკეთესო 8 კლუბი 1/8 ფინალში გავიდა, ხოლო 9-24 ადგილოსნებმა პლეი-ოფში გაითამაშეს დარჩენილი 8 ადგილი.








