როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, ვილი სანიოლის გუნდი C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა და წილისყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები: ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინაა.
2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩანიშნული მატჩებიდან, ამ დრომდე დაზუსტებული ჯერ კიდევ არ იყო ქვეყანაში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო, რომელ სტადიონზე უმასპინძლებდა უკრაინა ჩვენს გუნდს. ცნობილი გახდა, რომ 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, მატჩის მასპინძელი პოლონეთის ქალაქი პოზნანი და ENEA Stadion-ი იქნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის: ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილისთვის, კარგად ნაცნობია. ლეხის საშინაო არენის ტევადობა დაახლოებით 43 000-ია.
შეგახსენებთ, რომ B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.
ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება.








