მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო და პირველი გატანილი გოლიც მალე ვიხილეთ. მე-6 წუთზე პალმერის აქტიურობას ჯექსონის ქუსლით გატანილი გოლი მოჰყვა. ეს 22 წლის სენეგალი შემტევისთვის სეზონში უკვე მე-9 გატანილი ბურთი იყო.
ამის შემდეგაც უპირატესობა პოჩეტინოს გუნდს ჰქონდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ჩელსიმ კარის მშრალად შენახვა მაინც ვერ მოახერხა. 43-ე წუთზე ბრუნო გიმარაეშის გადაცემის შემდეგ ისაკმა პეტროვიჩს აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გათანაბრდა.
მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა ისევ კარგად დაიწყო. შეხვედრის 58-ე წუთზე პალმერმა ეფექტური გოლი გაიტანა და ჩელსი ისევ წინ გავიდა, 2:1. ამის შემდეგ პოჩეტინომ მოედანზე მუდრიკი შეუშვა, უკრაინელმა კი ეს შანსი გამოიყენა. 76-ე წუთზე ჩელსის ათიანმა საკმაოდ ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.
ჩელსიმ ამ გამარჯვებით 39 ქულა მოაგროვა და ათეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. პოჩეტინოს გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.








