ცნობილი ავტორიტეტული გამოცემა Goal.com გვთავაზობს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინეს და დიდი თანხის სანაცვლოდ უნდა გაიყიდონ.
აღსანიშნავია, რომ ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად, საუკეთესოთა სიაში ყველაზე მეტნი ქართველი ფეხბურთელები არიან. ესპანეთის ნაკრებიდან ნიკო უილიამსი, ფაბიან რუისი და დანი ოლმო არიან წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრებიდან კი გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე გამოარჩიეს. ასევე, სიაში არიან იაკა ბიოლი (სლოვენია), რიკარდო კალაფიორი (იტალია), ფერდი კადიოღლუ (თურქეთი), დან ნდოიე (შვეიცარია) და სხვები.
გიორგი მამარდაშვილი
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სხვებზე მეტი გოლი გაუშვა, მაინც ყველაზე მეტი სეივი აქვს მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი შეძენით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან, ვალენსია მზადაა მამარდაშვილი სარფიან ფასად გაყიდოს.
ჟორჟ მიქაუტაძე
მიქაუტაძემ ამ ტურნირზე ყურადღება თავისი მაღალი ოსტატობითა და საშემსრულებლო კლასით მიიპყრო. ის კვლავ აგრძელებს ბრძოლას ოქროს ბუცის მოსაგებად. დიდი ალბათობით, ზაფხულში მეცი მიქაუტაძეს შეელევა. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძეს შემოთავაზება პრემიერ ლიგიდანაც აქვს, თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი მონაკოში გადასვლაა.
ხვიჩა კვარაცხელია
წარმატებული საკლუბო მატჩების შემდეგ, კვარაცხელიას მიზანი იყო, რომ დიდ ასპარეზზე თავი გამოეჩინა. მან ეს შეასრულა და გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიას გოლი გაუტანა, რითიც საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. კვარადონამ დაამტკიცა, რომ მისი ნიჭი ფასდაუდებელია. ამჟამად, კვარაცხელას მომავალი გაურკვეველია. მის აგენტს სურს, რომ კვარამ ნაპოლი დატოვოს. მას შემოთავაზება პსჟ-დან აქვს, თუმცა ნაპოლის მისი გაშვება არ სურს. კვარადონა მზადაა, რომ იტალიაში თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.