2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობის 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა და ოლიმპიადაზე მედლების კომპლექტი შეკრა.
გენო პეტრიაშვილი 1994 წლის 1 აპრილს ქალაქ გორში დაიბადა და ბავშვობიდანვე დაიწყო მისი სპორტული კარიერა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პარიზის ოლიმპიადაზე ტრიუმფით დააგვირგვინა.
ოსი სეპარატისტების ტყვეობაში
სპორტული კარიერის დაწყებამდე, გენო პეტრიაშვილმა მძიმე პერიოდი გამოიარა — 19 წლის წინ, 2005 წლის 19 აგვისტოს, ოსმა სეპარატისტებმა ის გაიტაცეს, 3 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა, ის მხოლოდ 99 დღის შემდეგ გაათავისუფლეს და მშობლიურ სახლში დააბრუნეს.
11 წლის გენო პეტრიაშვილის შეხვედრა მშობლებთან და მეგობრებთან ძალიან ემოციური იყო. ასაკის მიუხედავად, მომავალმა ოლიმპიურ ჩემპიონმა მიღებული სტრესი დაძლია და დაიწყო თავდაუზოგავი შრომა, რომელმაც სპორტულ მწვერვალამდე მიიყვანა.
სპორტული გზის დასაწყისი

პირველი წარმატება გენო პეტრიაშვილმა 2012 წელს მოიპოვა, როდესაც 18 წლის ასაკში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და დაიწყო საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლები.
ქართველმა მოჭიდავემ ახალგაზრდული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება მოახერხა. გარდა ამისა, ის 23-წლამდელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გახდა ტრიუმფატორი და ხმაურიანად შეაბიჯა ეროვნულ ნაკრებში.
პირველი ნაბიჯები ეროვნულ ნაკრებში

გენო პეტრიაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება უფროსებში 2013 წელს მოიპოვა, როდესაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და 19 წლის ასაკში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იმავე წელს, ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოვიდა და იქაც მესამე ადგილს დასჯერდა. 19 წლის ასაკში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები იმის დასტური იყო, რომ გენო პეტრიაშვილს წინ დიდი სპორტული კარიერა ელოდა.
სადებიუტო ოქროს მედლები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე

დიდი სამეულის ტურნირებიდან (ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადა) პირველი ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა 2016 წელს რიგაში მოიპოვა — მაშინ 22 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 11-0 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მომდევნო წელს კი, პარიზში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა საოცრად იასპარეზა და ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს 10-8 მოუგო.
დომინაციის დასაწყისი 125 კგ. წონით კატეგორიაში

პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს შემდეგ, 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილის დომინაცია დაიწყო და მან ზედიზედ კიდევ ორჯერ მოახერხა პლანეტის საუკეთესო მოჭიდავის ტიტულის მოპოვება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ჩინელი დენგ ჟივი მარტივად 6-0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს კვლავ ტაჰა აკგულს მოუგო და ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
სადებიუტო ოლიმპიადა და ბრინჯაოს მედალი



















