საქართველოს სპორტის სამინისტროს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს - WTT Youth Contender Tbilisi 2026 უმასპინძლა. ტურნირის ფინალურ დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
შალვა გოგოლაძემ 11-წლამდელებს შორის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული უზბეკი ამირ შირიევი დააჯილდოვა. ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი. მონაწილეები U11, U13, U15, U17 და U19 ასაკობრივ კატეგორიებში ასპარეზობდნენ, როგორც ერთეულთა, ისე შერეულ წყვილთა თანრიგებში.
ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა - ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა - U19 შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა.
მსოფლიო ახალგაზრდული სერიის დასკვნით დღეს ასევე ესწრებოდა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველომ 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლა.












