2024 წლის ოლიმპიადაზე მიმდინარეობს კრივი ქალთა შორის, სადაც ბრძოლები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იმართება.
1/8-ფინალურ ეტაპზე იტალიელი ანჟელა კარინი ალჟირელ იმანე ხელიფის დაუპირისპირდა და ორთაბრძოლა სკანდალით დასრულდა.
მიმდინარე ოლიმპიადაზე რამდენიმე სპორტის სახეობაში ტრანსგენდერები არიან დაშვებულნი, მათ შორისაა ალჟირელი ხელიფიც. მიუხედავად იმისა, რომ ხელიფი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ჩახსნეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა მას პარიზში ასპარეზობის ნება მაინც დართო.
პირველივე წამებიდანვე, იტალიელმა მოკრივემ ალჟირელისგან რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 46 წამის შემდეგ, კი ატირებულმა კარინიმ ორთაბრძოლა შემდეგი ფრაზებით შეწყვიტა: "საკმარისია, აღარ მინდა, ეს დიდი უსამართლობაა!"
"ბრძოლა იმიტომ შევწყვიტე, რომ მეორე დარტყმის შემდეგ, უდიდესი ტკივილი ვიგრძენი. რინგზე ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ბრძოლების შემდეგ, ცხვირში ასეთი ძლიერი ტკივილი არასდროს მიგრძვნია. ვთქვი, რომ ეს საკმარისი იყო და ჯობდა ბრძოლა გამეჩერებინა" - განაცხადა კარინიმ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარი გააკეთა იტალიის სპორტის მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთ დიდ ფორუმზე კონკურენცია სამართლიანი უნდა იყოს და რაც დღეს მოხდა, არანაირ სპორტულ სტანდარტებში არ ჯდება.
ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელიფი დაიცვა და ამ ყველაფერს უწოდა "ბოროტი და არაეთიკური თავდასხმები" უცხოური მედიის მხრიდან.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ხელიფის მონაწილეობამ ოლიმპიურ თამაშებში მნიშვნელოვანი პოლემიკა გამოიწვია. მიზეზი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტესტოსტერონის მომატებული დონის გამო მიღებული დისკვალიფიკაციაა.
ბრძოლა რამდენიმე საათის წინ დასრულდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიჭერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ სკანდალთან დაკავშირებით.