სკანდალები, დოპინგები, ნარკოტიკები და თაღლითობები: ოლიმპიადაზე ხშირად ხდება გარკვეული ტიპის სპორტული და არასპორტული დანაშაულები, რაც თამაშების ატმოსფეროს აფუჭებს. გთავაზობთ, რამდენიმე ხმაურიან სკანდალს ოლიმპიადის ისტორიაში.
იტალია შოკშია — შვაცერი დოპინგზე ჩავარდა
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები დასკვნით ეტაპზე იყო გადასული, როდესაც იტალიელ მორბენალს, ალექს შვარცერს დოპონგის მოხმარება დაუდასტურდა და 50 კმ-იან დისტანციაზე მონაწილეობა ვეღარ მიიღო.
"მე მინდოდა, რომ ოლიმპიადაზე მაქსიმალური შესაძლებლობები მეჩვენებინა, მაგრამ შეცდომა დავუშვი და ჩემი კარიერა დასრულდა. დღეიდან ჩემი, როგორც ათლეტის, ცხოვრება აღარ არსებობს" — განაცხადა იტალიელმა სპორტსმენმა დოპინგ სკანდალის შემდეგ.
ისტორიაში ყველაზე ბინძური 100 მეტრიანი გარბენი
კანადელმა სპრინტერმა, ბენ ჯონსონმა 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე 100-მეტრიან გარბენში მოულოდნელად ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ტრიუმფიდან 3 დღის შემდეგ, კანადელ სპორტსმენის ნიმუშში დიდი რაოდენობით სტეროიდები აღმოჩნდა, რაც აკრძალულია. როგორც მოსალოდნელი იყო, დოპინგის გამო ჯონსონს ოქროს მედალი ჩამოართვეს და მეორეადგილოსან ლინფორდ კრისტის გადასცეს. მომავალში, სპრინტში მონაწილე 8 სპორტსმენიდან 6 დოპინგ სკანდალში გაეხვა.
გაყიდული თამაშები 2012 წლის ოლიმპიადაზე
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა შეჯიბრი ბადმინტონში სკანდალით დასრულდა — 8 სპორტსმენი გაყიდულ თამაშებზე ამხილეს და ოლიმპიადიდან მოკვეთეს. აღნიშნულ სკანდალში ჩინელი, კორეელი და ინდონეზიელი სპორტსმენები გაეხვნენ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მკაცრად დაისაჯნენ.
პარიზის მე-9 რაიონში შეძენილი კოკაინი
ავსტრალიის ბალახის ჰოკეის ნაკრების წევრი, ტომ კრეიგი პარიზის ოლიმპიადაზე წარმოუდგენელ სკანდალში გაეხვა. მან საღამოს თანაგუნდელებთან ერთად ოლიმპიური სოფელი დატოვა და სავახშმოდ წავიდა. ვახშმის შემდეგ, მან პარიზის ქუჩებში მარტო გააგრძელა გადაადგილება და მე-9 რაიონში აღმოჩნდა, სადაც პოლიციამ კოკაინის შეძენის ბრალდებით დააკავა. როგორც გაირკვა, ავსტრალიელმა სპორტსმენმა 1 გრამი კოკაინი შეიძინა და ოლიმპიურ სოფელში დაბრუნების დროს, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში უპოვა.
საბჭოთა თაღლითობა ფარიკაობაში, 1976 წლის ოლიმპიადაზე
1976 წლის ოლიმპიადას მონრეალმა უმასპინძლა და ტრადიციულად, ფარიკაობის შეჯიბრიც გაიმართა, სადაც საბჭოთა სპორტსმენი, ბორის ონიშჩენკოც ასპარეზობდა. მისი ოპონენტების თქმით, ონიშჩენკოს ქულები არასამართლიანად ეწერებოდა და გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ საბჭოთა მოფარიკავეს ხმლის წვერში ჩამონტაჟებული ჰქონდა სპეციალური ღილაკი, რომელიც მოწინააღმდეგეზე შეხების გარეშე აფიქსირებდა ქულას ონიშჩენკის სასარგებლოდ. საბოლოოდ, სპორტსმენი ოლიმპიადიდან მოკვეთეს, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სკანდალთან არაფერი აკავშირებდათ.
სექსუალური სკანდალი რიოს ოლიმპიადაზე
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წყალში მხტომელმა ჯოვანა პედროსომ მისი მეწყვილე, ინგრიდ ოლივეირა ამხილა: "მან ოთახიდან მხოლოდ იმიტომ გამაგდო, რომ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა" — განუცხადა ბრაზილიელმა სპორტსმენმა ოფიციალურ წარმომადგენლებს.
ინგრიდ ოლივეირამ თავის გამართლება სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა და ოლიმპიადიდან მოკვეთეს.
უარი დოპონგის ტესტზე — დამიჭირე თუ შეგიძლია
2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ორმა ბერძენმა სპორტსმენმა კოსტას კენტერისმა და ეკატერინა ტანოუმ დოპინგ ტესტზე თავის არიდება სცადეს. 4 წლის წინ, სიდნეის ოლიმპიადაზე კონტერისმა ოქრო, ხოლო ტანოუმ ვერცხლი მოიპოვა და სამშობლოში, ყველა მოუთმენლად ელოდა მათ ასპარეზობას. ბერძენი სპორტსმენები გამოგონილი მიზეზებით დოპინგის შემოწმებაზე არ მიდიოდნენ. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, მათ მოტოციკლეტების ავარია გამოიგონეს და დოპინგის ტესტზე კვლავ არ გამოცხადდნენ. საბოლოოდ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ისინი ოლიმპიადიდან მოხსნა.
სექსუალურ ძალადობაში მხილებული მწვრთნელი
იტალიელი სპრინტერის ამერიკელი მწვრთნელი, რანა რეიდერი სექსუალურ ძალადობაში მხილების შემდეგ, პარიზის ოლიმპიური სოფლიდან გააგდეს. მისი კრიმინალური ისტორია არც თუ ისე სუფთაა და მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიც იყო ბრალდებული. ამჯერად, მას სამმა ქალმა უჩივლა, გამოძიება დაიწყო და რანა რეიდერი ოლიმპური თამაშებიდან მოკვეთეს.
ბევრი "ლუდით" გამოწვეული დოპინგი
1968 წლის მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე, შვედმა ტყვიის მსროლელმა, ჰანს-გუნარ ლიენვოლმა ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა, შეჯიბრის შემდეგ დოპინგზე ჩავარდა და მედალი ჩამოართვეს.
"შესაძლოა ბევრი ლუდის გამო ვერ გავიარე დოპონგი ტესტის" — განაცხადა შვედმა სპორტსმენმა მას შემდეგ, რაც მის ორგანიზმში ეთანოლის დონე დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლიენვოლი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
გახსნის ცერემონიის მთავარი რეჟისორის საქმე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ოლიმპიური თამაშებიდან სკანდალის გამო მხოლოდ სპორტსმენებს არ ხსნიან — 2020 წლის ტოკიოს გახსნის ცერემონიის მთავარი რეჟისორი, კენტარო კობაიში ოლიმპიადის გახსნამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იაპონელმა რეჟისორმა ერთ-ერთ გადაცემაში ებრაელებზე იხუმრა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქსენოფობიად აღიქვა და კობაიში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.