კომო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. იყო დრო, როდესაც ეს კლუბი იმყოფებოდა გაკოტრების პირას, თუმცა 2019 წლის შემდეგ, მხოლოდ წინსვლა შეინიშნება "ბიანკობლუს" გარშემო. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც კლუბი შეიძინეს ძმებმა მაიკლ და რობერტ ჰარტონოებმა, თამბაქოს ბიზნესში მოღვაწე მაგნატებმა.
2022 წლის ზაფხულში "ტბისპირელებში" აღმოჩნდა სესკ ფაბრეგასი, ვინც თავდაპირველად ფეხბურთელის რანგში მივიდა. ის დათანხმდა ლონდონის ჩელსის ყოფილი კაპიტნისა და ჯუზეპე სინიგალიას მკვიდრთა იმდროინდელი გენერალური დირექტორის, დენის უაიზის წინადადებას.
ესპანელმა ყოფილმა ნახევარმცველმა კომოში გაიარა შემდეგი საფეხურები - ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი, 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი, მთავარი გუნდის დროებითი დამრიგებელი, დამრიგებლის ასისტენტი და ბოლოს, მთავარი გუნდის სრულფასოვანი დამრიგებელი.
ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველის გარდა, "ბიანკობლუსთან" კავშირშია კიდევ ერთი ცნობილი სახე - ტიერი ანრი, ვინც კლუბის ერთ-ერთი აქციონერია. ფრანგ ექს-ფორვარდს ჯერ კიდევ კატალონიაში თამაშის დროს სურდა "ტბისპირელებში" ფულის ჩადება. ის შთააგონა კიდევ ერთმა ყოფილმა "ბლაუგრანელმა", ჯანლუკა ძამბროტამ.
იტალიელი ყოფილი მცველი დაიბადა სწორედ კომოში და მისი პირველი ნაბიჯები ამ გუნდიდან დაიწყო. რა მოსწონთ ინვესტორებს "ბიანკობლუში"? ბუნება, ატმოსფერო, მშვიდი გარემო და რაღაც მცირედან გრანდიოზულის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ გრანდიოზულის შექმნის გზაზე არიან "ტბისპირელები" ახლა.
რაც შეეხება განვლილ გზას, 21-ე საუკუნეში გვხვდება მხოლოდ ერთი სეზონი, როდესაც ჯუზეპე სინიგალიას ბინადრები სერია ა-ში აღმოჩენილან. საუბარია 2002/03-ზე, რომლის შემდეგ, ეუგენიო ფასკეტის შეგირდები გავარდნენ ქვედა დივიზიონში, მოგვიანებით, უფრო ქვემოთაც.
2004 - 2021 წლებში კომო მესამე და მეოთხე დივიზიონებს შორის ტრიალებდა. საინტერესოა, რომ ტურინის იუვენტუსის სერია ა-ს ბოლო ჩემპიონობის მომენტში, რომელიც იყო 2020-ში, "ბიანკობლუ" ჯერ კიდევ მე-3 დივიზიონში თამაშობდა. დღეს, ჩვენს წინაშეა გუნდი, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურისთვის ბრძოლაში აჯობა როგორც "ბიანკონერის", ისე მილანსაც.







