ევროტურნირების დასრულების შემდეგ, განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა ჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ეტაპზე, დინამო თბილისის მეორე გუნდთან მარცხმა (4:0), ხოლო შემდეგ - სახლში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ჩემპიონობისთვის მებრძოლ მთავარ კონკურენტთან, გორის დილასთან წაგებულმა უხვგოლიანმა შეხვედრამ (1:5).
,,არანაირი ტაქტიკა და არანაირი მონახაზი გუნდის თამაშში არ შეიმჩნევა. ამას ალბათ, ყველა კარგად ხედავთ. ყველაფრის მერე, იმის მაგივრად, რომ თავის თავზე ეს სამარცხვინო შედეგები აეღო და გულშემატკივრისთვის ბოდიში მოეხადა, მოვიდა და გულშემატკივარს დაუპირისპირდა“, - წერდა ქუთაისელი გულშემატკივარი.
დღეს, ქუთაისელი გულშემატკივრის პროტესტს კაპიტანი, მერაბ გიგაური სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დარჩენილ უმნიშვნელოვანეს მატჩებში, გვერდში დგომა ითხოვა:
,,როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.
ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით - დაგვიდგეთ გვერდით".
კაპიტნის განცხადების შემდეგ, მოგვიანებით კლუბმა მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის მიმართვა გაავრცელა:
იმედი მაქვს, გრძნობთ და ხვდებით, რომ ,,დილასთან” მატჩის შემდეგ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა. მსურდა ამეხსნა და არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ბოდიში მომეხადა, ,,ჯუნგლების” ლიდერს კი, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, ამ ყველაფერზე ცალკე საუბარი ვთხოვე.
ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გვინდა, ეს ყველაფერი ,,ჯუნგლებთან” ერთად გავიზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა დარჩენილ მატჩებში ძალიან გვჭირდება: თქვენ მოტივაციას გვაძლევთ და გვიყვარს ყოველი მატჩის შემდეგ თქვენს ტრიბუნასთან მოსვლა.
ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთად დავდგებით. ეს თქვენი კლუბია და მას დიდება უნდა დავუბრუნოთ".
56 წლის შოტლანდიელი სპეციალისტის გუნდი 21 მატჩის შემდეგ, მიმდინარე ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, მე-3 ადგილოსან იბერია 1999-ზე 2 ქულითაა წინ, ხოლო ლიდერ გორის დილას 6 ქულით ჩამორჩება.








