24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო პირველად უმასპინძლებს „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს - „თბილისის თასს“, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ივნისში, სამხრეთ აფრიკაში გამართული „ტოიოტა ჩელენჯის“ მსგავსად, ‘შავ ლომთან’ ერთად „თბილისის თასზე“ სამი სამხრეთ აფრიკული გუნდი ითამაშებს: ბლუმფონტეინის "ჩიტასი", მბომბელას "აირლინკ პუმასი" და კიმბერლეის "სუზუკი გრიქასი". თბილისში ჩამოვლენ პორტუგალიური ფრენჩაიზი "ლუზიტანუში" და ესპანური ფრენჩაიზი "იბერიანსი" (რომელმაც რუმინელები ჩაანაცვლა).
თამაშები „ავჭალაზე“ 24 და 29 სექტემბერს, ასევე 4 ოქტომბერს გაიმართება. თითო სათამაშო დღეს სამ-სამი შეხვედრა შედგება და ევროპული გუნდები სამხრეთ აფრიკელებს შეერკინებიან.
"შავი ლომი" პირველ თამაშს "სუზუკი გრიქასთან" გამართავს (24 სექტემბერს 20:00 საათზე); მეორე მატჩი "აირლინკ პუმასთან" ექნება (29 სექტემბერს 17:00 საათზე); მესამე შეხვედრა კი ‘ჩიტასთან’ (4 ოქტომბერს 20:00 საათზე). აღსანიშნავია, რომ ქარი ქაფის წლევანდელ გათამაშებაში ამ გუნდებმა მოწინავე პოზიციები დაიკავეს.

რეგულარული გათამაშება (7 ტურის შემდეგ) "გრიქასმა" 31 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა (6 მოგება, 1 მარცხი); "ჩიტასი" 27 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა (5 მოგება, 2 მარცხი); "პუმასი" კი 22 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა (4 მოგება, 3 ფრე). თასის ნახევარფინალში "გრიქასმა" "ლაიონსი" 52:12 დაამარცხა, ხოლო "პუმასმა" "ჩიტასს" 27:24 სძლია. შედეგად, 12 სექტემბერს, ფინალში, "გრიქასი" "პუმასს" შეერკინება, რაც იმას ნიშნავს, რომ "შავი ლომი" სამხრეთ აფრიკის ჩემპიონსა და ვიცე-ჩემპიონს შეხვდება.
„ტოიოტა ჩელენჯის“ პირველ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკაში, "შავმა ლომმა" "პუმასი" 46:36 დაამარცხა, მომდევნო ორი თამაში კი დათმო - "გრიქასთან" 21:56 და "ჩიტასთან" 31:47. ევროპული გუნდებიდან, "შავი ლომი" ერთადერთი იყო, რომელმაც სამხრეთ აფრიკელ მეტოქესთან გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, 2013-2015 წლებში, მსოფლიო რაგბის ეგიდით, „ავჭალაზე“ სანაკრებო „თბილისის თასი“ იმართებოდა, რომელშიც ბორჯღალოსნებთან ერთად სხვადასხვა დროს სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, ირლანდიის და იტალიის მეორე ნაკრებები, ასევე ესპანეთისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები მონაწილეობდნენ.
მეტოქეები
"აირლინკ პუმასი" 1969 წელს დაარსდა და ერთხელ, 2022 წელს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის, „ქარი ქაფის“ გამარჯვებული გახდა, ხოლო 2023 წელს მეორე ადგილი დაიკავა.
"სუზუკი გრიქასი" 1886 წელს დაარსებული გუნდია და „ქარი ქაფი“ ოთხჯერ მოიგო - შორეულ 1899, 1911 და 1970 წლებში, ბოლოს კი 2025 წელს და სამხრეთ აფრიკის მოქმედი ჩემპიონია. 2022 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა.
"ტოიოტა ჩიტასი" 1895 წელს დაარსდა და “ქარი ქაფის” ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილი დაიკავა. 7 ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.
2006-2017 წლებში "ჩიტასი" სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა.
2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, "ჩიტასი" ‘შავ ლომთან’ ერთად “ჩელენჯ თასზე” მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.
თბილისის თასი 2026. „ავჭალა“
24 სექტემბერი
პუმასი - იბერიანსი (14:00)
ჩიტასი - ლუზიტანუში (17:00)
შავი ლომი - გრიქასი (20:00)
29 სექტემბერი
ჩიტასი - იბერიანსი (14:00)
შავი ლომი - პუმასი (17:00)
გრიქასი - ლუზიტანუში (20:00)
4 ოქტომბერი
პუმასი - ლუზიტანუში (14:00)
გრიქასი - იბერიანსი (17:00)
შავი ლომი - ჩიტასი (20:00)











