მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე განადგურდა კომოსთან, ანგარიშით 1:4. საუბარია გუნდის შესახებ, რომელიც 2012/2013 წლების სეზონში თამაშობდა იტალიის რანგით მე-3 ლიგაში, მაშინ, როცა "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ჩემპიონატი უკანასკნელად მოიგეს. "ბიანკობლუს" პროგრესი შთამბეჭდავია, ოლდ ტრაფორდის მკვიდრები კი უკვე 13 წელია, რაც ჭაობიდან ვერ ამოდიან.
სანამ მან იუნაიტედი ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას, "ტბისპირელები" ნელი ნაბიჯებით მიიწევენ სერია ა-ს ტოპ გუნდის სტატუსისკენ. იტალიური ფეხბურთის რამდენიმე დივიზიონის გავლის შემდეგ, სესკ ფაბრეგასის შეგირდები დამკვიდრნენ უმაღლესში, ისე რომ შარშან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურიც გაიფორმეს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ჯუზეპე სინიგალიას ბინადრებმა გაანადგურეს ლაიპციგი, ამჯერად კი როგორც აღვნიშნეთ, მანჩესტერიც. ცნობისთვის, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე "წითელ ეშმაკებს" უფრო დიდი ანგარიშით წაუგიათ მხოლოდ ბარსელონასთან, 0:4, 1994/95-ის სეზონში.
სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ვერაფერი გააწყო იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილ კატალონიელებთან, რომელთა რიგებშიც ბრწყინავდნენ რომარიო ფარია, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი, პეპ გუარდიოლა და სხვები. ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა გუშინდელი წაგებაშიც ფიგურირებს "ბლაუგრანას" კვალი, ფაბრეგასი ხომ ლა მასიადან არის.
საინტერესოა ისიც, რომ 2012/2013 წლების სეზონში, როდესაც კომომ სერია C1-ში დაიკავა მე-12 ადგილი და მან იუნაიტედი გახდა პრემიერ ლიგის ტრიუმფატორი, საჩემპიონო გუნდში თამაშობდა მაიკლ კერიკი, რომელიც ინგლისელთა ამჟამინდელი თავკაცია. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობაც, რომ მანჩესტერის დამრიგებლის კარიერა სწორედ "ბიანკობლუსთან" წაგებით დასრულდეს.












