ევროპის ჩემპიონატის წარმატებულად დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ახალ ციკლს იწყებს და დღეს თბილისში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ლოგიკურია, რომ იმ ბედნიერი დღეების შემდეგ, რაც ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქა, ამ მატჩისადმი ინტერესი გაასმაგებულია და ყველა ბილეთი მალევე გაიყიდა.
საქართველოს ნაკრებმა შეკრება 3 სექტემბერს დაიწყო, ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში ემზადება. აღსანიშნავია, რომ სანიოლმა ნაკრებს ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე დაამატა.
მოგეხსენებათ, ჩვენც ჯგუფში ჩეხეთთან ერთად ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. ეს ციკლი არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩეხეთისთვისაც, რომელთაც ევრო2024 ჩააგდეს და 24 გუნდიდან 22-ე ადგილი დაიკავეს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ჩეხეთი ძლიერი გუნდია, სპეციფიკური სტილით თამაშობს. ბევრად კარგად უნდა ვითამაშოთ ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე სასურველი შედეგისთვის. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სასიამოვნო იყო შეხვედრა, თუმცა ასეთი წარმატების შემდეგ გინდა მეტ წარმატებას მიაღწიო და იმედია შევძლებთ წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას. ამ გუნდიდან ოცმა ფეხბურთელმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. იციან იმავე შრომასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც ბოლო თვეებში გამოავლინეს. ერთა ლიგას ზოგი ამხანაგური მატჩებივით უდგება. ჩვენ ასე არ ვართ. დაწინაურება და უკეთეს გუნდთან თამაში გვსურს."

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ და მთელი ქვეყანა გავახარეთ, მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა გვეგონოს, რომ უკვე ტოპ ნაკრები ვართ, რადგან ასე არ არის. მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს ადვილად მოუგებთო. გასაგებია, რომ ევროპის ჩემპიონატმა თამასა აწია, მაგრამ ასე არ არის. ადვილად ვერცერთ ნაკრებს ვერ მოვუგებთ. როგორც ევრო2024-ის მატჩში, ხვალაც მსგავს თამაშს ველით, რადგან ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მცველებს ბევრი საქმე გვექნება"
ივან ჰაშეკი (ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი): "ვიცი, რომ ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ისიც ვიცი, რომ ჩვენი მატჩის ბილეთები მალევე გაიყიდა, ამიტომ საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შორის კარგი მატჩი შედგა და ხვალაც იმავეს უნდა ველოდოთ. ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა. ერთა ლიგისთვის სერიოზულად ვემზადებით. ფეხბურთელები ამ ტურნირს მაქსიმალური ყურადღებით და კონცეტრაციით უდგებიან, მაღალი მიზნები გვაქვს"
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: ესპანეთი-საქართველო 4:1, პორტუგალია-საქართველო 0:2, საქართველო-ჩეხეთი 1:1. საქართველო-თურქეთი 3:1, მონტენეგრო-საქართველო 1:3
ჩეხეთის ბოლო 5 მატჩი: ჩეხეთი-თურქეთი 1:2, საქართველო-ჩეხეთი 1:1, პორტუგალია-ჩეხეთი 2:1, ჩეხეთი-ჩრდ.მაკედონია 2:1, ჩეხეთი-მალტა 7:1
საქართველო-ჩეხეთი
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი
7 სექტემბერი, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: ორელ გრინფელდი(ისრაელი)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა