ოლიმპიადის გახნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც მთელი მსოფლიო ყურადღება ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე იყო გადატანილი, საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და აგვისტოს ომი დაიწყო. ქართული დელეგაცია ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ სპორტსმენები ჩინეთში დარჩნენ და მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ.
საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ოლიმპიური თამაშები სპორტული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა — ქართველმა ოლიმპიელებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო რეიტინგში 28-ე ადგილი დაიკავეს.
13 აგვისტოს საქართველოს ჰიმნი პეკინში ორჯერ აჟღერდა — ოლიმპიური ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია და ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე გახდნენ. კვირკველიამ 1/8 ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც ფრანგ კრისტოფ ჟენოს დაამარცხა, ხოლო შემდეგ გერმანელ კონსტანტინ შნეიდერს აჯობა. 1/2 ფინალში ქართველმა ფალავანმა უნგრელი პეტერ ბაქსი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროსთვის ბრძოლაში მანუჩარ კვირკველია მასპინძელს, ჩინელ იონგჰანგ ჩანს დაუპირისპირდა. ფინალური ორთაბრძოლა ქართველის სრული უპირატესობით წარიმართა, მეტოქე 10-0 დაამარცხა და მანუჩარ კვირკველია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

იმავე დღეს მედლები ძიუდოს 90 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ირაკლი ცირეკიძე იყო, რომელმაც 1 წლის წინ რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და პეკინშიც ოქროს მედლის კანდიდატად განიხილებოდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი ჰეშამ მესბა აჯობდა, 1/4 ფინალში კი აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი იპონით მოუგო. 1/2 ფინალი ირაკლი ცირეკიძისთვის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება აღმოჩნდა — მან რუსი ივან პერშინი იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ირაკლი ცირეკიძის მეტოქე მოულოდნელად ალჟირელი ამარ ბენიხლეფი აღმოჩნდა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით პუორტო რიკოელი, ესპანელი, შვეიცარიელი და ფრანგი ძიუდოისტები დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლის შანსი მიიღო. ფინალური დაპირისპირება ქართველი ძიუდოისტის დომინირებით წარიმართა და ირაკლი ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პეკინში მესამე ოქრო თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა 21 აგვისტოს მოუპოვა, რომელმაც ფინალამდე გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით ბიჩინაშვილი, სომეხი ჰარუცუნ იენოკიანი და რუსი გრეკორი კეტოევი ჩამოიცილა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის 84 კგ წონითი კატეგორიის ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა — პირველი რაუნდი ტაჯიკმა იუსუპ აბდუსალომოვმა 3-2 მოიგო, მეორეში კი რევაზ მინდორაშვილმა 3-0 იმარჯვა. ოქროს მფლობელი ვინაობა მესამე, გადამწყვეტ რაუნდში გაირკვა, სადაც ქართველმა ფალავანმა მეტოქე უშანსოდ, 4-0 დაამარცხა და კარიერის მთავარი ტიტული მოიგო.
3 ოქროს მედლის გარდა, ქართველმა სპორტსმენებმა პეკინში 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილი მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ და ძალოსანმა არსენ კასაბიევმა დაიკავეს, ხოლო მესამეზე მოჭიდავე ოთარ თუშიშვილი და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გავიდნენ.









