საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ 23 კაცის სია, ვინც სექტემბერში გასამართ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო შინ ჩეხეთს, სტუმრად კი ალბანეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დებიუტანტია - ჩერკასის ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა. იბერიაში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ნონიკაშვილი სათამაშოდ უკრაინაში წავიდა, დღეს კი ეროვნული ნაკრების წევრია.
LaGazzetta.ge ნონიკაშვილს უკრაინაში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.
ემოციები ნაკრებში გამოძახების შემდეგ
"თვალწინ ჩამიარა მთელმა ბავშვობამ, ყველაფერმა, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი, რაც ფეხბურთს მივეცი და ჩემზე ბედნიერი ახლა არავინაა. საქართველოს ნაკრებში თამაში ყველას ოცნებაა და ამაყი ვარ, რომ ის შრომა დამიფასდა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გავწიე."
ზარი ხიზანასგან
"ვარჯიში მქონდა და ტელეფონი რომ ვნახე, გამოტოვებული ზარი დამხვდა. დავრეკე და რომ მითხრა ზურა ვარ ხიზანიშვილიო, მაშინ მივხვდი ყველაფერს. ფეხები წამერთვა და გვერდზე პირველი რაც ვნახე იმას მივეყუდე (იცინის). ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია."
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშა. იყო თუ არა შენთვის ორმაგი მოტივაცია, რომ ასეთი წარმატებული ფორმაციის ნაკრების ნაწილი შენც ყოფილიყავი?
"ბიჭებმა რაც გააკეთეს, ეს საოცრება იყო და როცა ამ ნაკრების ნაწილი მეც ვხვდები, მოტივაციაზე და შემართებაზე ლაპარაკი ძნელია. ორმაგად კი არა, ასმაგად მოტივირებული ვარ."
რამდენად მზად ხვდები ამ სანაკრებო შეკრებას?
"ფიზიკურად იდეალურ კონდინციებში ვარ. იბერიასთან ერთად კონფერენს ლიგაზე ვითამაშე, ახალ გუნდშიც ვითამაშე და ყველანაირად მზად ვარ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო."
სავსე ტრიბუნის წინ, საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში...
"უკვე წარმოდგენილი მაქვს და ვხვდები, რა გრძნობა იქნება, როცა საქართველოს ნაკრების მაისური გაცვია, ჰიმნს ისმენ და სტადიონზე ანშლაგია. ჩათვალეთ, ამ დროს სულ სხვა ადამიანი ხარ. სულ რომ თამაში აღარ შეგეძლოს და დაღლილი იყო, გულშემატკივარი მოტივაციას გაძლევს, რომ მაინც ბოლომდე ითამაშო და ეს ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა."
ამ ფორმაციის ნაკრების უმრავლესობასთან ერთად უკვე ნათამაშები გაქვს...
"დიახ, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთან ერთადაც ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოვლილი მაქვს, ერთი ოჯახი ვიყავით და ახალც ასე იქნება, ამიტომ ეროვნულ ნაკრებში ყოფნა კიდევ უფრო გამიადვილდება."
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ნათქვამი აქვს, ყველაზე კომფორტული თანაგუნდელი ჩემთვის შოთა ნონიკაშვილია, მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ და კარგ პასებს მიკეთებსო.
"მე და კვარას ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და იმაზეც ვლაპარაკობდით, ნაკრებში ერთად რომ გვეთამაშა, რა მაგარი იქნებოდა. იმედია, ერთად თამაშის საშუალება მოგვეცემა, კაი პასს გავუკეთებ და ის გაიტანს."