ტუხელი მთავარ ნაკრებში, კარსლი ახალგაზრდულში
გერმანელი მწვრთნელის მოყვანამდე, ბრიტანეთში სხვა კანდიდატებს განიხილავდნენ. საუბარი იყო პეპ გუარდიოლაზე, თუმცა ის მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე მანჩესტერ სიტის დატოვებას არ აპირებს. გარეთ საუთგეიტის წასვლის შემდეგ, ალბიონელებს ხელძღვანელობდა ლი კარსლი, რომლისთვისაც იუნიორებთან მუშაობა უფრო კომფორტულია.
ირლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ინგლისმა გამარჯვება მოიპოვა სამ შეხვედრაში, თუმცა შემდეგ, იყო მარცხი საბერძნეთთან. ტომასის მოსვლამდე, ანუ წლის ბოლომდე, "3 ლომის" ამჟამინდელ დამრიგებელს კიდევ 2 მატჩის გამართვა მოუწევს. მეტოქეები იქნებიან მისთვის მშობლიური ირლანდია და კიდევ ერთხელ, ელადელები.

ტუხელის უპირატესობები
არსებობს მოსაზრება, რომ გერმანელი მწვრთნელი ბრიტანელებისთვის იდეალური კანდიდატია. განვიხილოთ მისი ძლიერი მხარეები. ახალი იდეების მოფიქრებისა და არსებულ გარემოებებთან ადაპტირების უნარი, საკმარისია გავიხსენოთ ვულვზთან გამართული მატჩი, ლონდონის ჩელსიში მუშაობის დროს, როდესაც ტომასმა ახალი სქემა პირდაპირ თვითმფრინავში მოიფიქრა.
სამი მცველი შეტევის დროს, ხუთი მცველი დაცვისას და პრესინგი - ეს არის ფორმულა, რომლითაც "არისტოკრატებმა" მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ალბიონელთა მომავალი დამრიგებელი ქადაგებს პოზიციურ ფეხბურთს და ეს არის ის, რაც ასე აკლია ამ გუნდს. აღნიშნული სტილით თამაშის მცდელობა ჰქონდა საუთგეიტსაც, მაგრამ უშედეგოდ.

51 წლის მწვრთნელის ძლიერ მხარედ ასევე ითვლება კონკრეტულ მოწინააღმდეგეებთან მომზადების პროცესი. გავიხსენოთ მისი მოღვაწეობის პერიოდი პარის სენ-ჟერმენში, როდესაც ტუხელმა ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა. იმ დროს მძვინვარებდა კორონავირუსის პანდემია და პლეი-ოფები ერთ მატჩიანი იყო.
გერმანელი მწვრთნელის უპირატესობად ასევე ინგლისში მუშაობის გამოცდილება ითვლება. ამის გარდა, მისი ხელმძღვანელობით თავისი საუკეთესო თამაში "3 ლომის" რამდენიმე წევრმა აჩვენა. ბაიერნის სათადარიგოთა სკამისთვის განწირული ერიკ დაიერი ტომასის ხელში იქცა ძირითადის უცვლელ წევრად, მეისონ მაუნტმა სეზონი დაასრულა 21 შედეგიანი მოქმედებით, რის ჯეიმსი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი იყო.




















