მსოფლიო ჩემპიონატი იწყება! განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში.
A ჯგუფი
მექსიკა V სამხრეთ აფრიკა - გახსნითი მატჩი ლეგენდარულ აცტეკაზე! მექსიკა სახლში თამაშობს და მხურვალე მხარდაჭერა ექნება. სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები არიან, მაგრამ ამ სტადიონის წნეხს გაძლება სჭირდება. ობიექტურად, აღნიშნული შეხვედრის ფავორიტები მასპინძელი "მწვანეები" არიან.
სამხრეთ კორეა V ჩეხეთი - ძალიან თანაბარი და ტაქტიკური ბრძოლა. სამხრეთ კორეელების დისციპლინა და სისწრაფე ჩეხების ევროპულ, ფიზიკურ სიძლიერეზე ორიენტირებულ ფეხბურთს დაუპირისპირდება. ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი. გამორჩეული მოთამაშეები? "ვეფხვების" მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოსარჩევია სონ ჰინ მინი, "ლომების" მხრიდან კი პატრიკ შიკი.
B ჯგუფი
კანადა V ბოსნია - კანადა კიდევ ერთი მასპინძელია, რომელიც ტორონტოში თამაშობს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, ეს თაობა მომწიფდა და ჯგუფიდან გასვლას, გეგმა მინიმუმად განიხილავს. შეხვედრის სცენარი? "ნეკერჩხლის ფოთლები" ეცდებიან სწრაფი კონტრ შეტევების განხორციელებას, ბოსნიის მიზანი კი ტემპის დაგდება იქნება.
კატარი V შვეიცარია - კატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრახის შემდეგ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ევროპულ ნაკრებებთან თამაში მათთვის ცხადია კვლავ ურთულესი გამოწვევაა. რაც შეეხება შვეიცარიას, აღნიშნული ქვეყნის ეროვნული გუნდი სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შემდეგ, ჯგუფიდან გადის რეგულარულად და ეს ტენდენცია ევროპის ჩემპიონატებზეც შეინიშნება.
C ჯგუფი
ბრაზილია V მაროკო - პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მატჩი. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, თუმცა მაროკომ ბოლო წლებში დაამტკიცა, რომ მსოფლიო საფეხბურთო ელიტის ნაწილია და არავისი ეშინია. "სელესაო" ეცდება თავისი საფირმო თამაშის ჩვენება, მაგრამ რამდენად გამოუვა ეს აფრიკის მოქმედ ჩემპიონთან, რთული სათქმელია.
ჰაიტი V შოტლანდია - შოტლანდიისთვის ეს იდეალური შანსია სამი ქულის ასაღებად. ჰაიტი ბრძოლისუნარიანი ნაკრებია, თუმცა ევროპული გამოცდილება და კლასი ბრიტანელთა მხარესაა. კარიბელთათვის მუნდიალზე მოხვედრა უკვე ოცნების ასრულებაა, მოწინააღმდეგეს კი, წლების მანძილზე დიდი ტურნირების გამოტოვების შემდეგ, სურს დაამტკიცოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა.
D ჯგუფი
აშშ V პარაგვაი - აშშ საკუთარ მოედანზე, ლოს-ანჯელესში თამაშობს. მათ ჰყავთ თავიანთ ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი თაობა, რომელიც ევროპულ ტოპ-კლუბებში თამაშობს და მიზნად მინიმუმ 1/4 ფინალს ისახავს. ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებული, მუნდიალის მასპინძელი თუ სამხრეთ ამერიკის ყველაზე უხერხულ მოწინააღმდეგედ მონათლული პარაგვაი.
ავსტრალია V თურქეთი - ეს მატჩი დიდ სანახაობას გვპირდება. თურქებს ამერიკაშიც დიდი დიასპორა ჰყავთ, ასე რომ, სტადიონზე ცეცხლოვანი ატმოსფერო იქნება. ბოსფორელებს ნიჭიერი თაობა ჰყავთ, რომელიც ტექნიკურად სჯობს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ავსტრალია ბოლომდე იბრძოლებს და მე-2 სართულზე იქნება სახიფათო.
E ჯგუფი
გერმანია V კურასაო - აქ კითხვის ნიშნები თითქმის არ არსებობს. გერმანია მატჩს სრულად გააკონტროლებს, კურასაოსთვის კი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე დიდი დღესასწაულია. მთავარია, რამდენ ბურთს შეაგდებს "ბუნდესთიმი". აღნიშნული შეხვედრის ფავორიტი უკანასკნელი წლების წარუმატებლობების შემდეგ, დიდ სცენაზე ღირსეულად დაბრუნებას ეცდება.
კოტ-დ'ივუარი V ეკვადორი - პოტენციური აღმოჩენების ბრძოლა. ორივე ნაკრებს აქვს პოტენციალი, გახდეს ტურნირის ე.წ. "შავი ცხენი". ჯგუფში გერმანიის შემდეგ, მეორე პოზიციის ბედი, დიდწილად, სწორედ აქ წყდება. კოტ-დ'ივუარის ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ათლეტურობა ეკვადორის სამხრეთ ამერიკულ დინამიკასა და სისწრაფეს შეეჯახება.
F ჯგუფი
ნიდერლანდები V იაპონია - გურმანებისთვის განკუთვნილი მატჩი. ნიდერლანდები ტრადიციულად ფავორიტები არიან, თუმცა იაპონია უკვე დიდი ხანია აღარ არის ე.წ. "საშუალო დონის" გუნდი, მათ ნებისმიერ გრანდთან მოგება შეუძლიათ. "მფრინავ ჰოლანდიელებს" მმარტივი გასეირნება არ ელით.
შვედეთი V ტუნისი - შვედეთი წინა ჩავარდნების შემდეგ დაბრუნდა და სურს ძველი დიდების აღდგენა, ტუნისი კი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ეროვნული გუნდია. "კართაგენელები" შეეცდებიან თამაშის მაქსიმალურად "გაფუჭებას", ცენტრის ჩაკეტვასა და სკანდინავიელთა შეცდომის დაშვებამდე მიყვანას.
G ჯგუფი
ბელგია V ეგვიპტე - ბელგიის "ოქროს თაობა" წარსულს ჩაბარდა, თუმცა ახალი ფეხბურთელები ჟერემი დოკუს ლიდერობით ბევრად უფრო დინამიური და არაპროგნოზირებადები არიან. ეგვიპტის მხრიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოსარჩევია მო სალაჰი, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია.
ირანი V ახალი ზელანდია - ირანი აზიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნაკრებია და ამ მატჩში სამი ქულის მოპოვება მათი პირდაპირი მოვალეობაა, რადგან ობიექტურად, ახალი ზელანდია კლასით უფრო ქვემოთაა. ორივე ეროვნული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია მოგება, რადგან შემდეგ, მათი მოწინააღმდეგეები ბელგია და ეგვიპტე იქნებიან.
H ჯგუფი
ესპანეთი V კაპო ვერდე - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მსოფლიო თასისთვისაც მოდის. კაბო-ვერდე კი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილეა აფრიკიდან. კუნძულელები ეცდებიან გაძლებას, მაგრამ "ლა როხას" პრესინგითა და ბურთის ფლობის კულტურით ეს ურთულესი იქნება.
საუდის არაბეთი V ურუგვაი - საუდელებს ახსოვთ 2022 წელს არგენტინის დამარცხება და მათ სურთ დაამტკიცონ, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ობიექტურად, ფავორიტი ურუგვაია, მაგრამ არაბთა ტაქტიკურმა გამართულობამ და დისციპლინირებულობამ მუნდიალის 2-გზის ჩემპიონებს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
I ჯგუფი
საფრანგეთი V სენეგალი - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ისტორიული რემატჩი - მაშინ მოქმედმა ტრიუმფატორმა საფრანგეთმა სენსაციურად მუნდიალის დებიუტანტ სენეგალთან წააგო. ფსიქოლოგიური ფონი საოცარია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თანამედროვე ფორმაციის "მამლები" შურისძიებას.
ერაყი V ნორვეგია - ნორვეგია, როგორც იქნა, გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მთელი სამყარო ელოდება, რას იზამს მათი მთავარი იარაღი, ერლინგ ჰოლანდი. არ უნდა დაგვავიწყდეს მარტინ ოდეგორი, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებული ლონდონის არსენალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
J ჯგუფი
არგენტინა V ალჟირი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გამოდის. ლიონელ მესის გარშემო აწყობილი გუნდი დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე: შესაძლებელია თუ არა მუნდიალის ზედიზედ 2-ჯერ მოგება?! შეგახსენებთ, 1958-1962 წლების ბრაზილიის შემდეგ, ეს არავის გაუკეთებია.
ავსტრია V იორდანია - რალფ რანგნიკმა ავსტრია აქცია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნაკრებად, რომელსაც გრანდების დაჩაგვრაც შეუძლია. "ვუნდერთიმი" გამოკვეთილი ფავორიტია, რომლის მთავარი იარაღი გეგენპრესინგი არის. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს ასეთი დონის მოწინააღმდეგეებს მიუჩვეველი იორდანია.
K ჯგუფი
პორტუგალია V კონგო დრ - პორტუგალია, კრიშტიანუ რონალდუსა და ახალი ვარსკვლავების სინთეზით წარმოუდგენელ ძალას წარმოადგენს. საკმარისია გადავხედოთ პირენეელთა შუახაზს: ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია ფერეირა და ჟოაო ნევეში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონგომ ასეთი დონის მოთამაშეებთან რამე გააწყოს.
უზბეკეთი V კოლუმბია - უზბეკეთისთვის ეს არის ისტორიული მომენტი – ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე! ზედმეტია იმის შესახებ საუბარი, თუ როგორი მოტივირებულები იქნებიან "თურანელები". აღნიშნული შეხვედრა შეგვიძლია მოვნათლოთ როგორც ლუის დიასისა და აბდუკოდირ ხუსანოვის დუელი.
L ჯგუფი
ინგლისი V ხორვატია - პირველი ტურის უდავო მარგალიტი! ამ ნაკრებებს ურთიერთმატჩების დიდი ისტორია აქვთ - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი და ა.შ. ეს არის შეხვედრა, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფის გამარჯვებულს. ინგლისელთა ლიდერია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჰარი კეინი, ხორვატიის კი უბერებელი ლუკა მოდრიჩი.
განა V პანამა - სანამ ინგლისი და ხორვატია ერთმანეთში გაარკვევენ ჯგუფის მთავარი დომინანტის ვინაობას, განა ქულების მაქსიმუმის მოგროვებას ეცდება. პანამასთან შეხვედრა და მოგება იქნება იდეალური ვარიანტი იმისთვის, რომ "შავმა ვარსკვლავებმა" ბრიტანელებსა და ბალკანელებს კონკურენცია გაუწიონ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ყველა მატჩი
| თარიღი | დრო | მატჩი | ჯგუფი |
| 11/06 | 23:00 | მექსიკა - სამხრეთ აფრიკა | A |
| 12/06 | 06:00 | სამხრეთ კორეა - ჩეხეთი | A |
| 12/06 | 23:00 | კანადა - ბოსნია | B |
| 13/06 | 05:00 | აშშ - პარაგვაი | D |
| 13/06 | 23:00 | კატარი - შვეიცარია | B |
| 14/06 | 02:00 | ბრაზილია - მაროკო | C |
| 14/06 | 05:00 | ჰაიტი - შოტლანდია | C |
| 14/06 | 08:00 | ავსტრალია - თურქეთი | D |
| 14/06 | 21:00 | გერმანია - კურასაო | E |
| 14/06 | 23:55 | ნიდერლანდები - იაპონია | F |
| 15/06 | 03:00 | კოტ-დ'ივუარი - ეკვადორი | E |
| 15/06 | 06:00 | შვედეთი - ტუნისი | F |
| 15/06 | 20:00 | ესპანეთი - კაპო ვერდე | H |
| 15/06 | 23:00 | ბელგია - ეგვიპტე | G |
| 16/06 | 02:00 | საუდის არაბეთი - ურუგვაი | H |
| 16/06 | 05:00 | ირანი - ახალი ზელანდია | G |
| 16/06 | 23:00 | საფრანგეთი - სენეგალი | I |
| 17/06 | 02:00 | ერაყი - ნორვეგია | I |
| 17/06 | 05:00 | არგენტინა - ალჟირი | J |
| 17/06 | 08:00 | ავსტრია - იორდანია | J |
| 17/06 | 21:00 | პორტუგალია - კონგო დრ | K |
| 17/06 | 23:55 | ინგლისი - ხორვატია | L |
| 18/06 | 03:00 | განა - პანამა | L |
| 18/06 | 06:00 | უზბეკეთი - კოლუმბია | K |











