ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 2 თვეა დარჩენილი. მოგეხსენებათ, ამ დიდ და მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. ქართველი ახალგაზრდები ჯგუფში პოლონეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად არიან.
ბრწყინვალე ფორმაშია საქართველოს 21-წლამდელთა მთავარი მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ხარატიშვილმა ფლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში ხორვატიასთან პენალტი მოიგერია და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
წელს კი ის დინამო ბათუმში სტაბილურად დგას. აჭარულმა კლუბმა 5 შეხვედრა ჩაატარა, ხარატიშვილმა 5-ვე ძირითადში დაიწყო და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
მეტიც, გასულ ტურში, დინამო თბილისთან 1:0 მოგებულ მატჩში მან 8 სეივი გააკეთა. ჯამში მას ამ სეზონში 17 სეივი აქვს გაკეთებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
სანაკრებო პაუზამდე დინამო ბათუმი კიდევ 13 შეხვედრას გამართავს და ხარატიშვილს შესაძლებლობა აქვს, ამ 2 თვეში თავი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინოს. რაც მთავარია, მას ნდობა აქვს.
ვიდეოს წყარო: gandagana_team