სეზონის პირველ დერბი დელა მადონინაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მილანის შეუცვლელმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა მედიასთან ისაუბრა.
"ბოლონიასთან მარცხი მალევე უნდა დაგვევიწყებინა და პოზიტიურად შევხვედროდით დერბის. წინა მატჩზე ზედმეტად ბევრი არ უნდა იწუწუნო, რადგან იცი, რომ მომდევნო შეხვედრა უკვე ახლოვდება. ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ინტერთან დაპირისპირებაზე საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად უკეთესი შანსი არ არსებობდა. ჩვენ ეს შევძელით. სამწუხაროდ, თუ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა გვინდა, ბოლონიასთან მსგავსი მატჩები არ უნდა წავაგოთ.
გუნდურად ვიზრდებით და ჩვენი თამაშის სტილში ახალი იდეები ჩნდება. ზოგჯერ აღმავლობა და ჩავარდნები გარდაუვალია, თუმცა თუ ტიტულების მოგება გვინდა, წარუმატებელი პერიოდები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ.
სან სიროზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. რაც მილანში ჩამოვედი, გულშემატკივრები ყველა მატჩში საოცარ მხარდაჭერას გვიცხადებენ, თუმცა დერბის დროს ეს განსაკუთრებულად იგრძნობა. დღეს, გახურების დაწყებიდანვე, მათი მხარდაჭერა წარმოუდგენელი იყო. ასეთი ატმოსფერო კი გამარჯვების მოპოვებაში კიდევ უფრო გეხმარება.
მილანში თავს კარგად ვგრძნობ, აქაურობა ძალიან მიყვარს და მაფასებენ. კლუბთან და ახალ მთავარ მწვრთნელთან ვისაუბრე და დარჩენა გადავწყვიტე, რადგან აქ ბედნიერი ვარ, ფეხბურთის თამაში მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დავრჩი იმისთვის, რომ გუნდსა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში დავეხმარო.“











