14 ივლისის საღამოს ლამინ იამალი ეცდება ევროპის ჩემპიონატის მოგებას, რამდენიმე საათში კი - ლიონელ მესი კოპა ამერიკაზე ტრიუმფს. მათ ბევრი რამ აერთიანებთ, პირველ რიგში, მშობლიური კლუბი და ფიქრები იმის შესახებ, ეყოლება თუ არა ბარსელონას ახალი დიდი ვარსკვლავი არგენტინელი ფლეიმეიქერის წასვლის შემდეგ?
კავშირი ორ ფეხბურთელს შორის კიდევ უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა 17 წლის წინანდელი ფოტოები, თუ როგორ აბანავებს კატალონიური კლუბის იმდროინდელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ესპანური ფეხბურთის მომავალ მთავარ იმედს. ეს არის შემთხვევა, როცა დამთხვევები ნამდვილად არსებობს.
ფოტო გადაიღო ჟოან მონტფორტმა, 2007 წლის დეკემბერში. ეს იყო "ბლაუგრანასა" და Diario Sport-ის საქველმოქმედო პროექტი, აღნიშნული ფოტოსესია კი 2008 წლის კალენდრის დამზადებას ემსახურებოდა. ამ კალენდრისა და სხვა მასალის გაყიდვით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" იუნისეფის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარნენ.
როგორც გვახსოვს, 2006 წლამდე, კამპ ნოუს ბინადრების მაისურზე ვერ იხილავდით სპონსორის რეკლამას, იყო მხოლოდ კლუბის ემბლემა და ტექნიკური სპონსორის ლოგო. ყველაფერი შეიცვალა 18 წლის წინ, როდესაც ბარსას მაისურზე გაჩნდა იუნისეფი, მაგრამ კლუბის როგორც ასეთი კომერციული პარტნიორი არც ეს ორგანიზაცია იყო.
ერთი სიტყვით, კატალონიელებისა და ქველმოქმედების საკითხში გავერკვიეთ. დავუბრუნდეთ ფოტოსესიას, რომლის კონცეპტი ასეთი იყო: კლუბის 12 მოთამაშის ხელში უნდა ყოფილიყო 12 ბავშვი, თითო თვეზე თითო ფოტო, არგენტინის ეროვნული გუნდის 10-იანს სწორედ "ბლაუგრანას" მომავალი ვარსკვლავი შეხვდა.
კატალონიელი ფოტოგრაფი იხსენებს - "მესი ახლაც მორიდებული პიროვნებაა, თუმცა იმ დროს ის კიდევ უფრო მორიდებული იყო. ყველაფერი დაიწყო რთულად, მაგრამ მოგვიანებით, გადაღების პროცესში ჩავრთეთ იამალის დედა, რითაც საქმე უფრო გამარტივდა როგორც ჩვენთვის, ისე ლეოსა და ბავშვისთვისაც.
ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ვინ გახდებოდნენ მომავალში არგენტინელი ფეხბურთელი და ლამინი. შესაძლოა, ბარსას მოთამაშეებისთვის ის არ იყო მნიშვნელოვანი ფოტოსესია, მაგრამ ბავშვების მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ესპანეთის ნაკრების მომავალი ვარსკვლავის დედ-მამა, რომლებიც ქალაქიდან 40 კმ.-ში ცხოვრობდნენ", - იხსენებს მონტფორტი.
კატალონიური გუნდის გარემარბი 2007 წლის 13 ივლისს დაიბადა, ფოტოსესიის მომენტისთვის ის 5 თვის იყო. ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპიტანი "ბლაუგრანაში" ატარებდა მე-4 სეზონს. იმ დროს ის უკვე იყო პრიმერა დივიზიონის 2-გზის ჩემპიონი და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი.
ფოტოსესიის მომენტისთვის "ლურჯ-ბროწეულისფრები" გასულები იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან, თუმცა ლა ლიგაში მადრიდის რეალს შვიდი ქულით ჩამორჩებოდნენ. სეზონის ბოლოსთვის სხვაობა გაიზარდა 18 ქულამდე, ევროთასებზე კი ფრანკ რაიკაარდის გუნდი 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონთან, მანჩესტერ იუნაიტედთან დაპირისპირებაში გამოვარდა.
ეს იყო უკანასკნელი სეზონი კამპ ნოუზე, როგორც ნიდერლანდელი მწვრთნელისთვის, ისე რონალდინიო გაუჩოსთვისაც. მისი წასვლის შემდეგ, მეათე ნომერი სწორედ "უცხოპლანეტელმა" აიღო. რაც შეეხება ბარსას ამჟამინდელ 27-ე ნომერს, აკადემიაში მისვლის მომენტისთვის ის სულ რაღაც შვიდი წლის იყო.
მესი იმ დროს უკვე ლა ლიგის შვიდგზის ჩემპიონი იყო, ოთხი ოქროს ბურთის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. როდესაც იამალი იყო 12 წლის, მის შესახებ ადგილობრივი პრესა ალაპარაკდა. ესპანელ შემტევს არგენტინელ ფლეიმეიქერს ადარებდნენ და კატალონიელთა აკადემიის საუკეთესო მოთამაშედ თვლიდნენ.
ისმოდა კითხვა - შეძლებდა თუ არა "ბლაუგრანა" ლამინის მთავარ გუნდში სწორად ინტეგრირებასა და შენარჩუნებას? 15 წლის ასაკში მას დაუძახა ჩავი ერნანდესმა "ლურჯ-ბროწეულისფრების" მთავარ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ, ლეო იმ მომენტისთვის პარის სენ-ჟერმენში თავის რიგით მე-2 და ბოლო სეზონისთვის ემზადებოდა.
კამპ ნოუს ბინადართა ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი და პირველი გოლები - ყველაფერი ეს უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრების კაპიტანი სათამაშოდ ფლორიდაში წავიდა. გასაკვირი არ არის, რომ 17 წლის ვინგერმა თავის კუმირად დაასახელა ბარსას ლეგენდარული 10-იანი, მაგრამ თამაშის ყურების თვალსაზრისით ის უფრო დიდ სიამოვნებას სხვა მოთამაშის პერფომანსებით იღებდა.
"მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია - ასე იყო, არის და იქნება. ის არის ჩემი შთაგონების წყარო და მისი მსგავსი სხვა ფეხბურთელი უბრალოდ არ არსებობს. ლეო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ თამაშის ყურების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ნეიმარი მხიბლავდა", - კატალონიელთა 27-ე ნომერი იყო 5 წლის, როდესაც ბრაზილიელი ფორვარდი სანტოსიდან გადმოვიდა.
არგენტინელი შემტევი კი იამალში ხედავს ფეხბურთელს, რომელიც მომავალში ოქროს ბურთს მოიპოვებს - "მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღება. ლამინმა ეს უკვე დაამტკიცა ბარსაში, სადაც ახალგაზრდულ ასაკში გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ხალხმა მის შესახებ საუბარი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, მაგრამ მე მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ.
მინდა გამოვარჩიო ესპანელი გარემარბის ჰეტ-ტრიკი რეალის კარში, როდესაც ის ჯერ კიდევ ლა მასიაში თამაშობდა. გაოგნებული დავრჩი იმ ფაქტით, თუ როგორ გაიტანა "ბლაუგრანას" ვინგერმა ის 3 ბურთი", - აცხადებდა ლეო.
დღეს კი, ერთ ღამეში ორივე მათგანმა შესაძლოა ისტორია დაწეროს, ერთმა კოპა ამერიკაზე, მეორემ კი - ევრო 2024-ზე.