დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დარჩენილი ოთხი შეხვედრა. განვიხილოთ, თუ რას გვიმზადებს ოთხშაბათის მატჩის დღე.
პსჟ V ლივერპული
პარის სენ-ჟერმენის ყველაზე რთული გამოცდა მიმდინარე სეზონში. დედაქალაქელთა მოწინააღმდეგე არის პრემიერ ლიგის ჩემპიონობასთან ახლოს მყოფი გუნდი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც. ლივერპული ნამდვილად ბრწყინვალე ფორმაშია, საუბარია გუნდზე, რომელმაც ლიგის ფაზა პირველ პოზიციაზე დაასრულა.
პირველ ადგილზე გასვლით, "წითლები" მერვედფინალში გავიდნენ პლეიოფში თამაშის გარეშე, პსჟ-ს კი დამატებით ბრესტის ბარიერის დაძლევა მოუწია. ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით მე-5 დაპირისპირება. რაც შეეხება წინა მატჩებს: 2-ჯერ მოიგეს მერსისაიდელებმა, 2-ჯერაც პარიზელებმა. ჯეიმს მილნერი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამ დუელში 1-ზე მეტი ბურთი გაიტანა.
"ლურჯ-წითლების" შემადგენლობა ოპტიმალურია, "სქაუზერებს" კი ჯო გომესი, კონორ ბრედლი და ტაილერ მორტონი დააკლდებათ. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა ამ მატჩს ძირითად შემადგელობაში ხვიჩა კვარაცხელია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერი შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს.
ყველაფერი გაირკვევა შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველ შემტევს ნაპოლიში თამაშის დროს ენფილდის ბინადრების წინააღმდეგ ჩატარებული აქვს 2 მატჩი: 1 მოიგო, 1 კი წააგო. რაც შეეხება "პარტენოპეის" ექს-ლიდერის მონაგარს ლივერპულის წინააღმდეგ: 1 ასისტი.
სხვა მატჩები
ოთხშაბათის მატჩის დღე გაიხსნება მილანის ინტერის სტუმრობით როტერდამის ფეიენოორდთან. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდურმა გუნდმა პლეიოფში ბრძოლას მილანი გამოთიშა. ამის გარდა, მიუნხენის ბაიერნი მიიღებს ლევერკუზენის ბაიერს, ბარსელონა კი ლისაბონის ბენფიკას ესტუმრება.
"ბლაუგრანა" და "არწივები" უკვე შეხვდნენ ერთმანეთს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში, ცხრაგოლიან თრილერში. კატალონიელებმა "წითლებს" სტუმრად 5:4 მოუგეს. ვნახოთ, რას გვიმზადებენ აღნიშნული გუნდები დღეისთვის.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ყველა მატჩი:
21:45 - ფეიენოორდი-ინტერი
23:55 - პსჟ-ლივერპული
23:55 - ბაიერნი-ლევერკუზენი
23:55 - ბენფიკა-ბარსელონა