სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, გვიბრუნდება საკლუბო ფეხბურთი, შაბათის მატჩის დღით, სადაც ყველაზე საინტერესო მოვლენა გაიმართება მადრიდში: რეალი გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
რეალი VS ვილიარეალი | 23:00
რეალი და ვილიარეალი სანაკრებო პაუზას განსხვავებულ განწყობაზე შეხვდნენ. ლა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ბოლო ტურში დამარცხდა მეზობელ ატლეტიკოსთან, რითაც ბარსელონას უკვე 6 ქულით ჩამორჩა. "სუბმარინა" კი მოგებას ვერ ახერხებდა პრიმერა დივიზიონის 1-ელი 5 ტურის მანძილზე, მაგრამ შემდეგ, ნავსი გატყდა.
"ყვითლებმა" მალაგა და ლევანტე დაამარცხეს. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიქაუტაძემ, ვინც ლა ლიგის ბოლო ტურში გოლით გამოირჩა. ამის გარდა, ქართველმა ფორვარდმა 11-მეტრიანით აიღო "როხიბლანკოსის" კარიც, ბორუსია დორტმუნდსა და რასინგ სანტანდერთან შეხვედრებში კი 2 ასისტიც ჩაიწერა.
დღეს ჟორჟი იქნება ურთულესი გამოცდის წინაშე, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მთავარი მადრიდული გუნდისთვის გოლის გატანის გამოცდილება მას უკვე აქვს. ეს მოხდა პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 1-ელი წრის შეხვედრაში, რომელშიც "სამეფო კლუბმა" შინ ესტადიო დე ლა სერამიკას მკვიდრებს 3:1 მოუგო.
მარსელინო გარსია ტორალის გუნდის მხრიდან ის ერთადერთი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა. ახალგაზრდა ცხრიანს კვლავ უწევს ბერნაბეუზე ჩასვლა და ვნახოთ, იზარალებს თუ არა მისგან ტიბო კურტუა ამჯერადაც. გოლის შეგდება ნამდვილად ჰაერივითაა საჭირო, მითუმეტეს, ეროვნულ გუნდში 4-თამაშიანი მშრალი სერიის შემდეგ.
იმედი ვიქონიოთ, რომ ის, რაც 25 წლის თავდამსხმელმა დააკლო უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას, ჟოზე მოურინიოს გუნდთან ანაზღაურდება. რაც შეეხება შანსებს, ცხადია, ფავორიტი რეალია, რომელსაც კატალონიელი კონკურენტის ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით, შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 56-ე მატჩი, წინა დაპირისპირებებში კი გვხვდება მადრიდის სრული დომინაცია - 32 გამარჯვება, 17 ფრე და მხოლოდ 6 წაგება. "სამეფო კლუბის" დაუმარცხებელი სერია მოიცავს მიყოლებით 6 შეხვედრას: 5 მოგება და ფრე. აღნიშნული დუელის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ბერნაბეუს მკვიდრთა მაისურით ვილიარეალს 13 ბურთი შეუგდო.
შაბათის მატჩის დღე
| არსენალი - ლიდსი | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| რაიო ვალეკანო - ბილბაო | 16:00 | ლა ლიგა |
| აუგსბურგი - ბაიერნი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| ჩელსი - ბორნმუთი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ალავესი - ატლეტიკო | 18:15 | ლა ლიგა |
| ინტერი - პარმა | 20:00 | სერია ა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - ხეტაფე | 20:30 | ლა ლიგა |
| აუსტრია - შტურმი | 21:30 | ბუნდესლიგა |
| სენტ ეტიენი - როდეზი | 22:00 | ლიგა 1 |
| პსჟ - ლე მანი | 22:45 | ლიგა 1 |
| ნაპოლი - ფროზინონე | 22:45 | სერია ა |
| რეალი - ვილიარეალი | 23:00 | ლა ლიგა |
| ფილადელფია - სოლტ ლეიკი | 03:30 | MLS |












