ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილეობა 204 ქვეყნის 10,518-მა სპორტსმენმა მიიღო და მედლები სპორტის 26 სახეობაში განაწილდა. საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთში 35 სპორტსმენით ჩავიდა, ხოლო გახსნით ცერემონიაზე მედროშე ნინო სალუქვაძე იყო.
საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა — აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ქართულმა დელეგაციამ საჭიდაო სახეობებში მოიგო.
29 ივლისს, მედლები ძიუდოს 66 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველოს ღირსებას 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი იცავდა, რომელიც მედლის კანდიდატად არ განიხილებოდა. ქართველი ძიუდოისტი ახალგაზრდული ნაკრებიდან ახალი დაწინაურებული იყო და ზურგს მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის და გრანდ სლემის თითო ბრინჯაოს მედალი უმაგრებდა.
ლაშა შავდათუაშვილი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი პირველი მეტოქე ჩილელი ზუნიგა იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ასევე ვაზარით ფრანგ ლარეოსეს აჯობა. 1/4 ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მასპინძელი ოატესი იყო, რომელსაც ვაზარით მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა.
1/2 ფინალში ლაშა შავდათუაშვილი წონის მთავარი ფავორიტს, იაპონელ მსოფლიო ჩემპიონს მასაში ებინუმას შეხვდა. 20 წლის ქართველმა ყველასთვის მოულოდნელად იაპონელი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილი გამოცდილ მიკლოშ უნგვარს დაუპირისპირდა, რომელსაც იუკოს უპირატესობით აჯობა და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მედალი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა 6 აგვისტოს მოუტანა, რომელიც 60 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, თუმცა, ირანელ მსოფლიო ჩემპიონთან, ომიდ ნორუზთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. მომდევნო დღეს კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი 66 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაია გახდა.
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე ლადო ხინჩეგაშვილი გავიდა, რომელიც ფინალში მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებებით რუს ოთარსულთანოვთან დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილები დავით მარსაგიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ დაიკავეს.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მე-40 ადგილზე გავიდა.









