მიმდინარე წლის ზამთარში Liverpoolworld-მა სტატია მიუძღვნა იმ ფეხბურთელებს, ვისაც მოჰამედ სალაჰის შეცვლა შეეძლოთ. ოცნების, თუმცა ლივერპულისთვის სამწუხაროდ, არარეალურ გარიგებად მოიაზრებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირება, რომელიც იმ მომენტში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების გზაზე იყო.
როგორც გვახსოვს, მაშინ, როდესაც ქართველი შემტევი თამაშობდა ნაპოლიში, მისი ხელში ჩაგდების მსურველების რიცხვში იყვნენ მერსისაიდელებიც, მაგრამ სხვებზე ოპერატიულად პარი სენ-ჟერმენმა იმოქმედა.The Rousing Kop-ი წერდა, "პარტენოპეის" ექს-ვინგერისთვის ბრძოლაში "წითლებმა" პსჟ-სთან ფინანსურ კონკურენციაში შესვლაზე უარი თქვეს.
საქართველოს ნაკრების შვიდიანის ენფილდზე ტრანსფერი არ შედგა და ერთი წლის შემდეგ, Liverpoolworld-მა დაასახელა ფეხბურთელი, ვინც მათი აზრით, კვარას სტილით ძალიან ჰგავს. საუბარია იან დიომანდეზე, რომლის გადმობირებაზე ლივერპული უკანასკნელ თვეებში მართლაც აქტიურად მუშაობდა.
ინგლისური გამოცემა ავლებდა პარალელს ქართველი და ივუარელი შემტევების ინდივიდუალიზმსა და თავისუფალ სტილს შორის. მაშინ, როდესაც თანამედროვე ვინგერებს უწევთ სისტემის ნაწილად ყოფნა, ხვიჩა და ლაიფციგის გარემარბი ყველანაირ ჩარჩოებს ამსხვრევენ. მოკლედ, ეგვიპტელი ფორვარდის შემცვლელი თითქოს უკვე შერჩეული იყო.
მერსისაიდული გუნდის გეგმებს ხელი ამჯერადაც შეუშალეს "ლურჯ-წითლებმა", რომლებმაც 19 წლის შემტევთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რედ ბულის 49-ე ნომერი ითამაშებს ლუის ენრიკესთან, ენფილდის მკვიდრებს კი მორიგი აუხდენელი ოცნება დარჩებათ.













