ოცი წლის წინ, იტალიის ნაკრებმა ზინედინ ზიდანს წაართვა ლამაზი ფინალი - ბერლინში, მის ბოლო მატჩში, მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა არა საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა, არამედ "აძურიმ", თავად მადრიდის რეალის ექს-ფლეიმეიქერმა კი აღნიშნული შეხვედრა დაასრულა სკანდალურად, გაძევებით.
ახლაც განმეორდა დაახლოებით იგივე - ფრანგ ლეგენდას საღამო ისევ და ისევ აპენინელებმა ჩაუშხამეს. ეს იყო მისი პირველი საშინაო მატჩი "მამლების" დამრიგებლის რანგში, თანაც სტად დე ფრანსზე, რომელზეც 1998-ში ლეგენდარულმა მე-10 ნომერმა ბრაზილიას შეუსრულა დუბლი, რითაც თავის ეროვნულ გუნდს 1-ელი ვარსკვლავი აჩუქა.
77 118 მაყურებლის წინაშე "ზიზუს", როგორც გმირს, ისე შეხვდნენ. შემადგენლობების გამოცხადებისას მას უფრო ხმამაღლა მიესალმნენ, ვიდრე "გალიელთა" მოთამაშეებს, ხოლო გიგანტურ ეკრანზე 54 წლის სპეციალისტის ყოველი გამოჩენა ტრიბუნებზე ნამდვილ ზეიმს იწვევდა. ფან-სექტორში ასევე გაიშალა ბანერი: "კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში“.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, როგორც აღვნიშნეთ, ზიდანის გუნდმა რობერტო მანჩინის შეგირდების დამარცხება ვერ მოახერხა (1:1). მეორე ნახევარში მაიკლ ოლისეს ბურთს რამდენიმე წუთში უპასუხა ალესანდრო ბასტონიმ, შეხვედრის მიწურულს კი საფრანგეთი საერთოდაც უმცირესობაში დარჩა.
"მამლების" ფეხბურთელების მხრიდან წითელი ბარათის მიღება იტალიასთან უკვე კლასიკაა და ზინედინის "საქმე" გააგრძელა დაიო უპამეკანომ, მაგრამ ამჯერად ოპონენტის მკერდში თავის დარტყმის გარეშე. ასეთი იყო ფრანგი სპეციალისტის 1-ელი საშინაო შეხვედრა, "აძურიმ" კი უკანასკნელი 2 თამაშით თავის ქომაგებს იმედი ჩაუსახა.













