იტალიისა და საფრანგეთის მოახლოებული მატჩის წინ, ზინედინ ზიდანთან საუბარი ვერ ჩაივლიდა მარკო მატერაცის ხსენების გარეშე, რომელთან ინციდენტმაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტი გვაჩუქა. ფრანგი სპეციალისტი მომხდარს არ ნანობს.
"იმ დღის შემდეგ, მატერაცისთან არ მისაუბრია. არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე და ეს მითქვამს ადრეც, თუმცა არც ვნანობ. კარგია თუ ცუდია, ეს ჩემი კარიერის განუყოფელი ნაწილია. საბედნიეროდ, აღნიშნული ინციდენტი არ არის ერთადერთი გასახსენებელი მომენტი და ბევრი კარგი მოვლენაც ყოფილა.
პირადად მე, რა თქმა უნდა, მირჩევნია კარგის გახსენება, თუმცა ფაქტია, რომ საფეხბურთო კარიერა ცუდი მომენტებისგანაც შედგება", - განაცხადა "მამლების" დამრიგებელმა. შეგახსენებთ, "აძურისთან" შეხვედრა გაიმართება დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე.












