საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე „ექვსი ერის“ პრეზიდენტმა, აბდელატიფ ბენაზიმ მოაწერეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გამოცდილების გაცვლას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ მაღალი მიღწევების სპორტის, მოთამაშეთა და მწვრთნელთა განვითარების, ახალგაზრდული რაგბის, მსაჯთა მომზადების, სამედიცინო, სპორტული მეცნიერების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროებში.













