"მოგესალმებით ტირანას საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით 12:50 საათია, ტემპერატურა 34 გრადუსს შეადგენს." საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი ალბანეთის დედაქალაქში დაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვარსკვლავური ნაკრების მორიგი მსხვერპლი ალბანეთის ნაკრებია.
LaGazzetta.ge საქართველოს ნაკრებთან ერთად ტირანაშია და აქტიურად გაგაცნობთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გაზიარებას.
საქართველოს ნაკრები ტირანაში თბილისის დროით 11:40 საათზე გაფრინდა, ფრენამ 3 საათსა და 10 წუთს გასტანა. ფეხბურთელები სასტუმროში დაბინავდნენ და დასვენების საშუალება მიეცათ, რათა ახალი ენერგიებით, ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალონ.
როგორც წესი, წლების განმავლობაში, ნაკრების ფეხბურთელები ფრენის დროს სხვადასხვა თამაშებით ერთობიან ხოლმე. მაგალითად, "რა? სად? როდის?", თუმცა ამჯერად, თვითმფრინავში სიწყნარე იყო, გუშინდელი ჯადოსნური საღამოს შემდეგ, გზაში ყველა ისვენებდა და კიდევ ერთხელ ადევნებდა თვალს ჩეხეთთან დადგმულ შოუს.
ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი და სხვები - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც თავიანთი გუშინდელი თამაშის ყურება არასდროს მობეზრდებათ და ნებისმიერ სიტუაციაში მზად არიან 90 წუთს თავიდან მიადევნონ თვალი.
მამარდაშვილმა და ქოჩორაშვილმა ახლა შეიტყვეს, რომ ალბანეთთან მატჩის შემდგომ, ერთი რეისი აქვთ, ვალენსიაში დაბრუნება ერთად უწევთ და იმედია, თავიანთ კლუბებში ბოლომდე კარგ ხასიათზე დაბრუნდებიან.
საბა გოგლიჩიძე ნაკრების დებიუტანტია, ახალგაზრდაა და გამოცდილი ფეხბურთელები მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად შედიოდნენ. გოგლიჩიძე უკვე მათი დიდი ოჯახის წევრია. მისი მონაცემებიდან და ნიჭიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გოგლიჩიძე მომავალში სანიოლისთვის განაცხადის შეუცვლელი წევრი იქნება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაკრების თვითმფრინავი ტირანაში ევროპის დროით 12:50 საათზე დაეშვა, ბარგის ლოდინმა ცოტა დიდხანს გასტანა, მაგრამ ფეხბურთელები არც ამ ფაქტს შეუწუხებია. ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგი მატჩს განიხილავდა, ზოგი კი თამაშობდა.
კვარა და ზუკა ჩვეულ ამპლუაში იყვნენ, ერთმანეთს "ტომი-ჯერივით" დასდევდნენ და ამჯერად, ძალები ხელის გადაწევაში მოსინჯეს. მათ გიორგი წიტაიშვილი და საბა ლობჟანიძეც შეუერთდნენ.
თუ აქამდე აეროპორტში სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრების დიდი ნაწილი ფოტოებს კვარაცხელიასთან იღებდა, ახლა მას ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილიც შეუერთდა და მასთანაც ბევრი ფანი მივიდა.
სასიამოვნოა, როცა გამარჯვებულ ფეხბურთელებს ვუყურებთ და მომდევნო მატჩისთვის მოგებულის მენტალიტეტით მიფრინავენ. ყველა ბედნიერია და ყველას სალაპარაკო აქვს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ესპანეთთან წაგებული 7:1 მატჩის მეორე დღეს, ნაკრებს ოსლოშიც გავყევით და მაშინ, სულ სხვა სიტუაცია და სრულიად საპირისპირო განწყობა იყო...
ტირანაში სექტემბრისთვის შეუსაბამო სიცხეა. 10 სექტემბერს, ალბანეთი-საქართველოს მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. იქამდე კი, ხვალ ნაკრები მთავარ არენაზე დასკვნით ვარჯიშს გამართავს.