
თავი I - ლიდსი, ბიელსა და ბარსელონას ინტერესი

ტიპური ცაცია მარჯვენა გარემარბი, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი ერთპიროვნულად შეეძლო. მით უფრო რომ ბიელსა ძალიან პროვოკაციულ სქემებს იყენებდა 3-3-3-1-ისა და 4-1-4-1-ის სახით:

3-3-3-1-ში მთელი შემტევი კრეატივი რაფინიაზე მოდიოდა. ეს საკმაოდ ლოგიკური რამ გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ პატრიკ ბამფორდის სახით ლიდსს საჯარიმოში მოთამაშე საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი 9 ნომერი ჰყავდა, რომელიც რაფინიას კარგ ჩაწოდებებს გოლებად აქცევდა ხოლმე.
4-1-4-1-ში რაფინია მარცხენა გარემარბადაც გვევლინებოდა ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სქემას ბიელსა მეტად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ იყენებდა, რათა დაცვაში ბალანსი უზრუნველყოფილიყო და მის ბიჭებს კონტრშეტევების წამოწყება სწრაფად შეძლებოდათ. მომენტებში, როცა ლიდსი აგებდა ხოლმე, მარტივად იყო შესაძლებელი ამ სქემის 4-2-4-ად გადაკეთება. ბიელსას ავანტიურული ბუნება და ძალიან მაღალი დონის ტაქტიკური თეორეტიკოსობა რაფინიას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაეხმარა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაფინია ძირითადად აუტის ხაზთან მოქმედებდა, არ აქვს მნიშვნელობა ფლანგს. მაგრამ ამავდროულად ბიელსამ რაფინიას აბსოლუტური კრეატიული თავისუფლება უბოძა. ეს სწორი გადაწყვეტილებაც გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ რაფინიაზე კრეატიული ფეხბურთელი ლიდს იუნაიტედს უბრალოდ არ ჰყავდა.

თავი II - ახალი იმედი, ახალი პროექტი და კონკურენცია უსმან დემბელესთან
2021-22 წლების სეზონში, როდესაც ლიდსში საქმეები ბიელსასაც აერია და თავად გუნდსაც დიდი პრობლემები შეექმნა, პრემიერ ლიგაში გუნდის დატოვების მისია თავის თავზე რაფინიამ აიღო. ეს წარმატებით შეასრულა და ამის გამო მისით ბარსელონა დაინტერესდა, მით უფრო რომ მაშინ გუნდს შემადგენლობის სირღმისთვის ფლანგის მოთამაშე ძალიან სჭირდებოდა. ეს პერიოდი კატალონიურ გუნდში „ალემანის სასწაულების“ ტალღაა, როდესაც ვალებში გადავარდნილმა, ფინანსურ კრიზისში მყოფმა გუნდმა პოსტ-მესი ბარსელონას ბაზა ააშენა.

თუმცა, უჩვეულო დროს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ სუპერთასზე ელ კლასიკოში ჩავი აშკარად მიხვდა იმას, რომ ამ სქემას აკლდა უმთავრესი რამ - ბალანსი. ბალანსის დასამყარებლად ჩავიმ საინტერესო ტაქტიკური გადაწყვეტა მოიფიქრა კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებით, ამით გუნდმა ბალანსი დაიბრუნა და მოედნის ცენტრალური ზონის კონტროლი ხელახლა მოიპოვა. მარცხენა ფლანგზე კი ყველაზე ხშირად გავი ჩნდებოდა ხოლმე:

ამან რაფინიას ოფციები შეზღუდა და მას უკვე კონკრეტულად ამ პოზიციისთვის მოუწია უსმან დემბელესთან კონკურენციაში ჩართვა. ეს პროექტი ორმა ფაქტორმა არია: ლამინ იამალის დებიუტი და ბარსელონიდან უსმან დემბელეს წასვლა. მესამე სეზონში ჩავის გუნდი ძალიან უცნაურ დროს აღმოჩნდა ტურბულენტურ ზონაში.
თავი III - ქაოსი, სტვენა, იმედგაცრუება და ხელახლა დაბადება


გამომდინარე იქიდან, რომ რაფინიას როლი გუნდში აღარ დარჩა, მას სათამაშო რეგრესი დაეწყო და ძალიან ხშირად იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს. მეტიც, გულშემატკივრის სტვენაც დაიმსახურა. რომ არა პედრისა და ბალდეს ტრავმები, სავარაუდოდ, რაფინიას კარიერის შემცვლელი და ბარსელონას განვითარების ტრაექტორიის განმსაზღვრელი ახალი როლი არ გამოიძერწებოდა.

თავი IV - რასაც ჩავი დასთესს, ფლიკი მოიმკის

აქ საინტერესო არ არის მხოლოდ რაფინიას პოზიცია, რომელიც ტაქტიკურ მონახაზში ჩანს. არამედ ისიც ძალიან საინტერესოა, თუ რა როლი ენიჭება ამ სქემაში მას. ჩავი მიხვდა, რომ ლამინ იამალის გავლით შესაძლებელია მეტოქის მესამედში სახიფათოდ შეუტიოს გუნდმა, საჭირო გახდა ალტერნატიული საფრთხის გაჩენაც, ამჯერად საპირისპირო ფლანგზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ დროს, ალეხანდრო ბალდე დაიმტვრა და დაცვის მარცხენა ფლანგზე მემარჯვენე ჟოაუ კანსელო თამაშობს, შესაბამისად რაფინიას თავისუფლად შეეძლო ბურთს არც ისე ხშირად შეხებოდა, მაგრამ მაინც ძალიან პროდუქტიული ყოფილიყო. ბურთის გადაადგილების პასუხისმგებლობა მთლიანად იამალზე გადავიდა, მით უფრო იმიტომ, რომ პაუ კუბარსისთან და ჟულ კუნდესთან საკმაოდ კარგი ქიმია ჩამოუყალიბდა, ხოლო რაფინია გახდა ფლანგიდან ძალიან სპეციფიკური და მომაკვდინებელი იარაღი, რომელიც უნაკლოდ აითვისებდა იმ სივრცეებს, რომელსაც მეტოქე გუნდი ტოვებს:

შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩავიმ როგორც იქნა მიაგნო რაფინიას სწორ პოზიციას, მაგრამ დააგვიანდა ეს პოზიციური ცვლილება და შესაბამისად, ვერც ბარსელონამ მოიმკა ეს ტიტული და ვერც თავად ჩავიმ, სამაგიეროდ ეს არ იყო მოკლევადიანი ინვესტიცია, გავა ზაფხული, რაფინია კვლავ დარჩება ბარსელონაში, ვერ მოვა ნიკო უილიამსი და აქედან უკვე საერთოდ სხვა, სუპერვარსკვლავის ისტორია იწყება.
თავი V - ბრაზილიელი კამატა, ანუ გაკვეთილები ხრისტო სტოიჩკოვისგან
ბარსელონაში მისვლისთანავე ჰანსი ფლიკი ერთ უმარტივეს ჭეშმარიტებას მიხვდა. გუნდმა ბურთი ძალიან სწრაფად უნდა დაიბრუნოს, როდესაც მეტოქის ნახევარზე დაკარგავს, ხოლო ამას ასაკში შესული ლევანდოვსკით ნამდვილად ვერ იზამდა. შესაბამისად, პრესინგის სისტემა შეცვალა, რითაც რაფინიამ და იამალმა მცველებზე პრესინგის განხორციელების უფლება მიიღეს. ლევანდოვსკის შესაძლებლობა გაუჩნდა მეტად სიღრმეში ჩასულიყო, რათა რაფინიასთვის და იამალისთვის სივრცე გამოესუფთავებინა. ეს ნოვაცია ჩავისთან არ გვხვდებოდა, ამიტომაც მისი გუნდი ბურთს სწრაფად ვერ იბრუნებდა:

ფლიკის ხელში, რაფინიამ მიიღო სრულებით ახალი როლი, ეს არის ფლანგის ფინიშერი, რომელიც კლასიკური ინსაიდ ფორვარდის როლშიც ვერ ჩაჯდება. თუმცაღა, სანამ ამ როლს მიიღებდა ფლიკი, მანამდე ჰქონდა პრობლემა ოლმოს რეგისტრაციის სახით, აქედან გამომდინარე, ერთ თამაშში მოუწია მას რაფინიას 10 ნომერზე გამოყენებაც კი. არადა, მას 10-იანის თვისებები ნამდვილად არ აქვს. ის თამაშიც კარგად ჩაატარა რაფინიამ, ასევე უამრავი გოლი შეყარა როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ეს განპირობებული გახლდა ზუსტად იმ ინსტრუქტაჟით, რაც ფლიკმა მას მიაწოდა: იგი ერთგვარად მუდამ რომელიღაცა ფეხბურთელის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ სეზონში რაფინიამ ყველაფერი პირიქით, უკეთესობისკენ შეცვალა საკუთარ თამაშში. არც ბალდეს დაბრუნებას შეუშლია ხელი და არც არაფერს. რაფინია მთელი 2024-25 წლების სეზონში ეტაპობრივად გასხივოსნდა. სწორედაც რომ ლევანდოვსკის ზურგს უკან ერთგვარი შემორბენები იქცა ბარსელონას სავიზიტო შემტევ ბარათად.

რაფინია ასეთ ამპლუაში უფრო საშიშია. მისი მოსალოდნელი გოლების საშუალო მაჩვენებელიც ცდებოდა 0.50-ს.
პოზიტიურობისა და თავდაჯერებულობის პროექცია ერთია, მაგრამ რაფინია, აშკარად, ფლობს სპორტულ შესაძლებლობებს ფლიკის სისტემაში ბოლომდე გახსნისთვის - ენერგია, როგორც ფრონტიდან დასაცავად, ასევე სწრაფი ტემპის შეტევების წარმართვისთვის, სიჩქარით მკვეთრი აფეთქებებით. ლიდს იუნაიტედში მარსელო ბიელსა ძალიან აფასებდა რაფინიას პერსონას, მით უფრო იმიტომ, რომ საოცარ თამაშთან ერთად, ის მზად გახლავთ მენტალურადაც. 2021 წლის პრესკონფერენციაზე ბიელსა აფასებდა მის „ფეთქებად ბუნებას“ და „სწრაფ ფიზიკურ პასუხებს“, რაც ხაზს უსვამს მის უნარს, ერთგვარად დააბალანსოს საკუთარი ძალისხმევა მწვანე მინდორზე. მისი ფიტნესი ხაზგასმით აისახება SkillCorner-ის მონაცემებში, რითაც ვადგენთ, თუ რამდენად აღემატება საკუთარ კონკურენტებს დაცვის ხაზისთვის შემორბენის მაჩვენებელში. ამ სეზონის პირველი შვიდი მატჩის განმავლობაში, მან 118 ასეთი გარბენი შეასრულა - 36-ით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა კილიან მბაპემ მადრიდის რეალიდან და ორჯერ მეტი, ვიდრე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი. ის ასევე ლიდერობს მაღალი ინტენსივობის სპრინტებში - როდესაც მოთამაშე მოძრაობს 20კმ/სთ (12mph) სიჩქარით მინიმუმ 0,7 წამის განმავლობაში - ამ კომპონენტში მხოლოდ საკუთარი თანაგუნდელი ჟიულ კუნდე არის ახლოს:

განვიხილოთ ერთ-ერთი სცენარი და კარგად მივხვდებით, თუ რატომ გახლავთ რაფინიას ანგარიშზე ამდენი გოლი:

აქ კარგად ჩანს, რომ ბალდე გადაცემას უკეთებს რაფინიას, რომელიც საჯარიმოში შერბის და გარდა იმისა, რომ თავად უმცირეს სივრცეს იყენებს მცველებისგან თავის დასაღწევად, ასევე ოლმოს, ლევანდოვსკის და პედრის აშორებს ორ კაცს ერთდროულად და მოწინააღმდეგის ზონა 14-ში სრული ქაოსი შეაქვს. თუმცაღა, მარტო სწორი გადაადგილება როდია საკმარისი გახდე იმაზე შედეგიანი, ვიდრე იყავი.

მოიგებს რაფინია ოქროს ბურთს?
















