ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ.
"ვფიქრობ, მან სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, რადგან მათი მოპოვება სწორი და კანონიერი გზით არ ყოფილა. ვეთანხმები შმეიხელს, ვინც თქვა, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. დიახ, სასჯელი, რომელიც იქნება სხვებისთვის მაგალითი, რომ ასე არ შეიძლება", - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა უკანახაზელმა.
54 წლის ყოფილი მცველი არ არის ერთადერთი, ვინც "ქალაქელებისთვის" ტიტულების ჩამორთმევას ემხრობა. მის მოსაზრებას იზიარებენ პოლ სქოულზი, სტივენ ჯერარდი, რიო ფერდინანდი და სხვები. მანჩესტერულ კლუბში თავის მხრივ დარწმუნებულები არიან, რომ მათი აპელაცია დაკმაყოფილდება.











