როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა. გუნდს დროებით ხელმძღვანელობს რუდ ვან ნისტელროი, 11 ნოემბრიდან კი "წითელ ეშმაკებს" რუბენ ამორიმი ჩაიბარებს. ნიდერლანდელი თავკაცის მოღვაწეობა შეფასებულია უარყოფითად, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არიან მის მხარეს, მაგალითად იაპ სტამი.
"ტენ ჰაგის გათავისუფლებით, მანჩესტერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ უფორმებთ მწვრთნელს კონტრაქტს, უცხადებთ მხარდაჭერას, ხარჯავთ ფულს ტრანსფერებზე, სეზონის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ კი გუნდიდან უშვებთ. ჩემი აზრით, იუნაიტედს ერიკისთვის კიდევ უფრო მეტი დრო უნდა მიეცათ", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა უკანახაზელმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას "წითელი ეშმაკების" ყოფილი მწვრთნელი. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსია ნიდერლანდელ თავკაცს ნური შაჰინის შემცვლელად განიხილავს.