3 ოლიმპიური მედალი, ბრინჯაოდან დაწყებული გზა, 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში ბოლო წამებზე დაკარგული ოქრო და პარიზში მოგებული ფინალი.
ბიჭი სამაჩაბლოდან, რომელიც გამარჯვებას შინდისის გმირებსა და ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ მეომრებს უძღვნის, გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი 10 აგვისტოს მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ოლიმპიური ასპარეზიდან აჟღერდა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გამარჯვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ lagazzetta.ge-სთან ისაუბრა.
- ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, რა გრძნობაა?
- ოლიმპიური თამაშები ყველა სპორტსმენისთვის არის უმაღლესი მწვერვალი, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან კარგი შეგრძნებაა.
- ფინალური შეხვედრის ბოლო წამებზე რა მოხდა?
- ცოტა სხვანაირად წარიმართა ფინალი, თითქოს ვადაზე ადრე გავიმარჯვე და დასრულდა, თუმცა მერე აღმოჩნდა ასე არ იყო, ზონასთან გასული იყო სპორტსმენი, არ მოგვცეს ის 2 ქულა და ნამდვილად არ იყო. რა თქმა უნდა, იყო დაძაბულობა, კიდევ არ წამეგო, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხე გამარჯვება. ჩემი მეტოქე ზარე, ძლიერი მოჭიდავეა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ფინალი წავაგე მასთან.

- როგორ ემზადებოდი ამ ოლიმპიადისთვის, 2 ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე გქონდა..
- ყველაფრისთვის მზად ვიყავით, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ვცდილობდი ოპტიმალურ ფორმაში ვყოფილიყავი ყველა ასპექტში, ვფიქრობ რაღაც მომენტებში შეცდომები იყო, თუმცა მაინც კარგად გავართვით თავი და ნანატრი ოქროს მედალი მოვიპოვეთ...
- გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვენი, რა დატვირთვა ჰქონდა 10 აგვისტოს გამარჯვებას?
- ჩემთვის ეს ძალიან ემოციურია, რაც ჩვენ სამშობლოს, ჩვენ გმირებს შეეხება წმინდა თემაა, მეც სამაჩაბლოდან ვარ და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები ჩემთვის არიან გმირები, ღირსეული ხალხი, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი პატარა ან თუნდაც დიდი გამარჯვებით, პატივს მივაგებ მათ ხსოვნას. ის რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღალ საფეხურზეა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია რომ შევძელი და რაღაც გავაკეთე ჩვენი ქვეყნისთვის.
- თუმცა ოლიმპიური ჩემპიონობა რაღაც არ არის, თქვენ ამით ბევრი გააკეთეთ..
- კი რა თმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა ყველაზე დიდი გამარჯვება, უბრალოდ ამ ფორმით ქვეყნის წარმოჩენაში წვლილი რომ შეგვაქვს გვიხარია.

- ბავშვობიდან ოცნებობდი ყოფილიყავი მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, რას ეტყოდა დიდი გენო პატარა გენოს?
- პატარა გენოს რასაც ვეუბნებოდი თავის დროზე იმავეს ვეტყოდი, რომ გავხდები დიდი სპორტსმენი, დიდი მოჭიდავე. ხშირად მაქვს ხოლმე პატარ გენოსთან საუბარი, როგორ მოვიქცეოდი ჩემი განწყობის თეორიები მაქვს, რასაც ვერ ავხსნი. იმავეს ვეტყვი, უნდა გავხდეთ დიდი სპორტსმენი და დიდი მოჭიდავე ყველაფრის მიუხედავად.
- ნუგზარ სხირელი შენი პირველი პირადი მწვრთნელი, რომელიც გარდაიცვალა და ვერ ნახა დღეს შენი ოლიმპიური ჩემპიონობა..
- ნუგზარი მასწავლებელი ძალიან კარგი მწვრთნელი და კარგი პიროვნება იყო, ძალიან მაკლია და გული მწყდება ამ ყველაფერს რომ ვერ ხედავს, მაგრამ მიხარია რომ მისი ოცნება ავასრულე ჩემი გამარჯვებით. ჩემს გვერდზე დღეს ასევე იქნებოდა ჩემი უძვირფასესი მეგობარი ცოტნე ბარამიძე, რომელიც შარშან გარდაიცვალა და ძალიან დიდ წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, დიდი მოჭიდავე იყო, ტრაგიკულად დაგვტოვა, ძალიან სამწუხაროა. ვგრძნობდი, რომ ცოტნეც და ჩემი ნუგზარი მასწავლებელიც ჩემთან ერთად იყო. ჩემი უახლოესი მეგობარი პაატა ძია გოგილაშვილი უმაგრესი ადამიანი, ბევრი ადამიანი იყო ამ პერიოდში ვინც ტრაგიკულად დაგვტოვა და ძალიან მიხარია მათი სულები თუ გავახარე.
- რას ეტყვი ქართველ ხალხს?

- ქართველ ხალხს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ჩვენ, სპორტსმენები ვართ, ჩვენი დავალება და საქმეა გავიდეთ და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, დროშა, ღირსება ვატაროთ ამაყად. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ გულწრფელი სიხარულისა და სიყვარულისთვის რასაც გამოხატავთ.
- სამომავლო გეგმები როგორია?
- მე მიყვარს სპორტი, მიყვარს ჭიდაობა და გავაგრძელებ ამ სპორტში ყოფნას, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, კიდევ ბევრს შევძლებ.










