საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ 23 კაცის სია დაასახელა, რომლებიც სექტემბრის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც სიაში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ. მათ შორის, ის მოთამაშეებიც, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ.
ნიკა კვეკვესკირი
ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს ევრო2024-ის შემდეგ არ უთამაშია. მას არც ევროპის ჩემპიონატზე ჰქონია დიდი სათამაშო დრო. კვეკვესკირი ამჟამად უგუნდოდაა და მისი ნაკრებში არ გამოძახების მთავარი მიზეზი სწორედ უთამაშებლობაა.
ანზორ მექვაბიშვილი
ახალგაზრდა ნახევარმცველმა ევრო2024-ზე კარგი მატჩები ჩაატარა. სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს.
ლევან შენგელია
სანიოლი შენგელიას მარცხენა მცველის პოზიციაზე მოიაზრებს. მას არც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია, არც საბერძნეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მისცემია სათამაშო დრო. შესაბამისად, ამ პოზიციაზე სანიოლმა შენგელიას შახტარში წარმატებით მოთამაშე ირაკლი აზაროვი არჩია.
საბა კვერკველია
კვეკვესკირის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, არც კვერკველიას უთამაშია, ბოლნისის სიონთან ერთად ვარჯიშობს და გამოცდილი მცველი კვლავ კლუბის ძიებაშია.
დავით ვოლკოვი
ვოლკოვის ნაკრებში არ გამოძახება ცოტა მოულოდნელია, რადგან ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, ვინც ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, სწორედ ვოლკოვია. ზირას რიგებში მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეასრულა, კონფერენს ლიგაზე კი ბოლო წუთზე მაკრატელა გაიტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
გიორგი ქვილითაია
ქართველი ფორვარდი ახალ გუნდს ახლახანს შეუერთდა, კვიპროსულ არისში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა, თუმცა ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. აპრილის შემდეგ, ქვილითაიას გოლი არ გაუტანია.
გაბრელ სიგუა
ბაზელის ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც იყო, ტრავმირებულია.
საბა საზონოვი
ეროვნული ნაკრების მსგავსად, უმნიშვნელოვანესი მატჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსაც ელის. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებში იქნა გამოძახებული.