2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა მიღებული აქვს 13 ნაკრებს, რომლებიც ტურნირზე დებიუტანტის სტატუსით იყო. ევრო 2024-ზე დებიუტანტი და რიგით მე-13 ეროვნული გუნდი არის საქართველო, რომელმაც ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთთან წააგო.
2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ სამმა დებიუტანტმა ნაკრებმა მოახერხა. ესენი არიან უელსი, ისლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. გავიხსენოთ მათ მიერ განვლილი გზა.
ისლანდია
დებიუტი: ევრო 2016
განვლილი გზა: 1/4 ფინალამდე
ჯგუფიდან ურთულესად გასვლის შემდეგ, ორი ფრე და ერთი გამარჯვება. ისლანდიამ მერვედფინალში სენსაციურად დაამარცხა ინგლისი, თუმცა მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო მასპინძელ საფრანგეთთან. სკანდინავიელების მიერ "სამი ლომის" დამარცხება, ევროტურნირის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად მიიჩნევა.
ჩრდილოეთ ირლანდია
დებიუტი: ევრო 2016
განვლილი გზა: 1/8 ფინალამდე
ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში გავიდა სამი ქულითა და მესამე ადგილით. ჩრდილოეთ ირლანდიამ თავისი ერთადერთი გამარჯვება უკრაინასთან დაპირისპირებაში მოიპოვა, 1/8 ფინალში კი ვერ გადალახა უელსის ბარიერი. ყველაფერი გადაწყვიტა გარეტ მაკოლის ავტოგოლმა, რომელმაც კელტთა ზღაპარი დაასრულა.
უელსი
დებიუტი: ევრო 2016
განვლილი გზა: 1/2 ფინალამდე
ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტანტი, რომელიც ოთხ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. ჯგუფში მათ დაამარცხეს რუსეთი და სლოვაკეთი, მერვედფინალში - როგორც აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ ირლანდია, მეოთხედფინალში კი - ბელგია. უელსი შეაჩერა პორტუგალიამ, რომელიც მოგვიანებით ჩემპიონიც გახდა.