14 ივნისს გასამართი შეხვედრა გერმანიასა და შოტლანდიას შორის განსაკუთრებულად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევა. ტურნირის მასპინძლების კარში იდგება მანუელ ნოიერი, რომელიც მატჩის დღისთვის 38 წლისა და 79 დღის იქნება. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის ამ მატჩის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე სულაც არ იქნება.
საპირისპირო მხარეს ვიხილავთ 41 წლისა და 166 დღის კრეიგ გორდონს, რომელიც მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იქნება. ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის გაბორ კირალის, რომელიც ევრო 2016-ზე თამაშის დროს 40 წლისა და 86 დღის იყო.
კიდევ ერთი გამოსარჩევი ვეტერანი - კეპლერ პეპე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყების მომენტისთვის 41 წლისა და 110 დღის იქნება. უნგრელი კარის დარაჯის მიღწევამდე შორია, მაგრამ პორტუგალიელი უკანახაზელი გახდება ყველაზე ასაკოვანი მოედნის მოთამაშე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
ვინ არის რიგში შემდეგი? - პორტოს ცენტრალური მცველის თანამემამულე - კრიშტიანუ რონალდუ. პირენელთა გახსნითი შეხვედრისთვის ის 39 წლისა და 135 დღის იქნება. რაც შეეხება მოქმედ რეკორდსმენს: ლოთარ მათეუსი, რომელიც ევრო 2000-ზე ჩატარებული ბოლო მატჩის მომენტში 39 წლისა და 91 დღის იყო.
ვეტერანი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა სიახლე სულაც არ არის. დინო ძოფი და პიტერ შილტონი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე 38 წლის იყვნენ, მორტენ ოლსენი 39-ის. ასევე, გამოსარჩევია ჯიჯი ბუფონი, იენს ლემანი, რიკარდო კარვალიო, მარტინ სტეკელენბურგი - თითოეული მათგანი 38 წლის იყო.
მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ზემოაღნიშნულ ფეხბურთელებთან ერთად, ყურადღების ცენტრში იქნებიან ლუკა მოდრიჩი, რობერტ ლევნადოვსკი, ოლივიე ჟირუ, ხესუს ნავასი, კასპერ შმეიხელი, დუშან ტადიჩი, იან ზომერი, იან ვერტონგენი და კიდევ ერთი ვეტერანი მოთამაშე. საქართველოს ეროვნული გუნდიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ გიორგი ლორია (38 წლის) და გურამ კაშია (36 წლის).
მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი თითოეული მათგანისთვის, უდიდესი ალბათობით, უკანასკნელი ტურნირი იქნება, რასაც შემდეგ კარიერის დასრულება მოსდევს. გერმანია დაემშვიდობება ნოიერსა და კროოს, ხორვატია - მოდრიჩს, საფრანგეთი - ჟირუს და ა.შ.
ცხადია, ისინი ტურნირზე სულ სხვა მოტივაციით ითამაშებენ.