გიორგი მამარდაშვილი GFF Awards 2024-ს ვერ დაესწრო, თუმცა ჯილდოს შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:
"მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ იმაზე კიდევ უფრო უკეთესი საფეხბურთო წელი, ვიდრე იყო 2024. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების წევრებს, მწვრთნელსა და სტაფს, ეს გუნდური წარმატება იყო. აკაკი დევაძის შემდეგ ვარ პირველი ქართველი მეკარე, ვინც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ერთიანი წარმატება იყო. ჩვენ ერთად შევძელით ევროპირველობაზე თამაში და ისტორია დავწერეთ," - აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.
მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ევროპირველობაზე დამჯერებლად ითამაშა და 4 მატჩში 29 სეივი დააგროვა.
გიორგი მამარდაშვილმა წარმატებულად ითამაშა საკლუბო დონეზეც. ქართველი Ballon d'Or-ის საუკეთესო მეკარის პრიზზე (Yachine Trophy) ნომინანტთა შორის მოხვდა და საბოლოოდ მე-7 პოზიცია დაიკავა, რაც უდიდესი აღიარებაა.
წარმატებული ასპარეზობის პარალელურად, გიორგი მამარდაშვილმა წელს კონტრაქტი გააფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერ ლივერპულთან. ქართველი ესპანურ "ვალენსიას" სეზონის ბოლოს დატოვებს და 2025 წლის ზაფხულში ლივერპულში გადავა.











