პრემიერ ლიგის მერვე ტურში გაიმართება ლონდონური დერბი - ჩელსი ტოტენჰემს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ჩელსი V ტოტენჰემი | 20:30
ლონდონურმა გუნდებმა სეზონი დაიწყეს განსხვავებულად - ჩელსი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებას, ტოტენჰემი კი გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას. საერთაშორისო შესვენების წინ, "ლურჯებს" ჰქონდათ მცირე ჩავარდნა, რაც ინგლისის ჩემპიონატში მიყოლებით 3 შეხვედრის ვერ მოგებით გამოიხატა.
საკლუბო ფეხბურთის დაბრუნების შემდეგ კი "არისტოკრატებმა" გამოისწორეს ხასიათი, ევერტონისა და ბორნმუთის დამარცხებით. "სპურსის" მდგომარეობა ბევრად მძიმეა: 1-ელი ბურთის გატანა მოხდა მე-5 ტურში, მოგება კი გასულ ორშაბათს, ქვედა დივიზიონიდან ამოსულ ქოვენთრისთან. დიახ, საწყის 7 ტურში "მამლებმა" მხოლოდ 1-ხელ იმარჯვეს.
გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელ მატჩში ფავორიტად ითვლება ჩაბი ალონსოს გუნდი, თანაც გამოკვეთილად. რაც შეეხება დანაკლისს, მასპინძელ სტემფორდ ბრიჯის მკვიდრებს არ ეყოლებათ ემი მარტინესი, რის ჯეიმსი და პეპ ჩავარია, ჰოტსპურ სთეიდიუმის ბინადრების მდგომარეობა ამ მხრივაც უფრო მძიმეა.
თავად განსაჯეთ - რობერტო დე ძერბის განკარგულებაში არ იქნებიან როდრიგო ბენტანკური, ჩავი სიმონსი, სავინიო ოლივეირა, ლუკას ბერგვალი, მიხაილო მუდრიკი და უილსონ ოდობერტი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დესტინი უდოჯისა და ტოსინ ადარაბიოს გამოჩენაც. ერთი სიტყვით, ტოტენჰემში ტრავმების ეპიდემიაა.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 177-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 82-ჯერ იმარჯვა ჩელსიმ, 54-ჯერ - "სპურსმა", 40 თამაშიც ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 6 შეხვედრაში "ლურჯებს" აქვთ 100%-იანი შედეგი, 6/6 მოგება. "მამლების" ბოლო გამარჯვება 2023-ის თებერვლით თარიღდება.
ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირად დღემდე რჩება ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, ვინც "არისტოკრატების" მაისურით ტოტენჰემს 12 გოლი შეუგდო. ნიდერლანდელმა ფორვარდმა "სპურსის" კარი უკანასკნელად აიღო 2004-ის აპრილში, მაგრამ მისი მიღწევა როგორც აღვნიშნეთ, ახლაც ხელშეუხებელია.
შაბათის მატჩის დღე
| ჰაიდენჰაიმი - კოტბუსი | 15:00 | ბუნდესლიგა 2 |
| ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| რაიო ვალეკანო - ელჩე | 16:00 | ლა ლიგა |
| არსენალი - ევერტონი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| რასინგი - ესპანიოლი | 18:15 | ლა ლიგა |
| ნაპოლი - რომა | 20:00 | სერია ა |
| ჩელსი - ტოტენჰემი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ვალენსია - ვილიარეალი | 20:30 | ლა ლიგა |
| სენტ ეტიენი - ნანტი | 22:45 | ლიგა 2 |
| ატლეტიკო - დეპორტივო | 23:00 | ლა ლიგა |
| სოლტ ლეიკი - სენტ ლუისი | 05:30 | MLS |











