ეროვნული ლიგის სეზონის ნახევარი დასრულ
და. 39 ქულით ზაფხულის ჩემპიონი გორის დილა გახდა. სეზონის წინ, გორელებმა ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს, დიდი ცვლილებები განახორციელეს, ლეგიონერები მოიყვანეს და შედეგს მიაღწიეს.
ბოლო წლებში დილა გამორჩეული ლეგიონერების მოძიებით გამოირჩევა. მათი ეს ტენდეცია წელსაც გრძელდება. გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი ტაირელ ვაუტერია, რომლის ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
სეზონის არასტაბილური სტარტის შემდეგ, ქუთაისის ტორპედომ მოუმატა და ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ 13 თამაშია არ წაუგიათ, აქედან ზედიზედ 5 თამაში მოიგეს და საჩემპიონო ბრძოლაში არიან. დილას მსგავსად, ტორპედოსაც გამორჩეული ლეგიონერები ჰყავს. ამ გუნდის ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი 11 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ეროვნული ლიგის ბომბარდირები:
ბიორნ იონსენი (ტორპედოო) - 11 გოლი
ტაირელ ვუტერი (დილა) - 9 გოლი
შოთა ნონიკაშვილი (იბერია) - 8 გოლი
გიორგი კოხრეიძე (იბერია) - 7 გოლი
გიორგი ფანცულაია (სამგურალი) - 6 გოლი
გიორგი მიქაძე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია, სულ აუტსაიდერ გუნდებში უწევდა მუშაობა და ახლა მისთვის იდეალურ გუნდში მივიდა, რომელსაც ჰყავს აკადემია და რესურსი, რომ დიდ მიზნებს მიაღწიოს. იბერიამ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩავარდნა აქვს და ზედიზედ 3 თამაში წააგო. სასიხარულოა, რომ ფორმაში შედის გიორგი კოხრეიძე. კოხრეიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ტალანტი იყო, მაგრამ მისი კარიერა საფრანგეთში ვერ აეწყო, იყო ტრავმებიც.
დინამო ბათუმის თამაშები მთლიანად გიორგი წიტაიშვილზე იყო აწყობილი. თითქმის ყველა გოლში, რომელსაც ბათუმი იტანდა, მონაწილეობას წიტაიშვილი იღებდა. ის ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და გუნდს დააკლდა. ბათუმელებმა მის გარეშე სამტრედიას ვერ მოუგეს და ამჟამად მე-4 პოზიციაზე არიან.
ფოთის კოლხეთი და სამგურალი თანაბარ სიტუაციაში არიან. ორივე გუნდმა სეზონი არც თუ ისე წარმატებით დაიწყო, ბოლო პერიოდში კი მოუმატეს და გასავარდნ ზონას მოსცილდნენ. კოლხეთშიც და სამგურალშიც დიდი ცვლილებები იყო. მოვიდნენ ახალი მწვრთნელები, შეიცვალნენ ფეხბურთელები. მაგალითად, ფანცუალია სამგურალს ბოლოსკენ შეუერთდა და უკვე 6 გოლი აქვს გატანილი.
საუკეთესო რეიტინგის ფეხბურთელები:
გიორგი არაბიძე (ტორპედო) - 7.93
გიორგი კოხრეიძე (იბერია) - 7.48
აბუბაკარ კონტე (დილა) - 7.45
ოლეკსანდრ ვორობეი (გაგრა) - 7.40
ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო) - 7.35
მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის სრულიად განსხვავებულ სახეს ვხედავთ. გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების 80% აკადემიიდანაა და ლოგიკურია, რომ გუნდს შედარებით ცუდი შედეგები აქვს. ამ სეზონის აღმოჩენა 16 წლის ვახტანგ სალიაა. სალიამ დინამოს 7-ნომრიანი მაისური მოირგო და გუნდის ლიდერი გახდა.
გასული სეზონის მსგავსად, თელავი და გაგრა წელსაც გადარჩენისთვის იბრძოლებენ. ორივე გუნდი გასავარდნ ზონაში არის, მაგრამ აქედან თავის დაღწევის რეალური შანსი აქვთ, რადგან სეზონის მეორე ნახევარი წინა არის.
რაც შეეხება სამტრედიას, წელს იმერლებს ერთი უცნაური თვისება აქვთ - აბსოლუტურად ყველა ლიდერს ქულა დააკარგვინეს, უშუალო კონკურენტებთან კი აგებენ. არადა, სამტრედიას 8 ფრე აქვს ნათამაშები, მათ შორის დილასთან, იბერიასთან, დინამო თბილისთან (2), დინამო ბათუმთან და ტორპედოსთან. კარგ ფორმაში შევიდა ამ გუნდის შემტევი რევაზ ინჯგია, რომლის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ეროვნული ლიგა 2 თვით ისვენებს და სტარტს აგვისტოში აიღებს, იქამდე საქართველოს თასის შეხვედრები გაიმართება. დიდი შესნვენების დროს, ყველას ყურადღება ევროპის ჩემპიონატისკენ იქნება მიმართული.