ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგება, სადაც ადგილობრივი დინამო ბათუმი გორის დილას დაუპირისპირდება.
ორივე გუნდი წელს ჩემპიონობისთვის იბრძვის და ორივესთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ პრინციპულ მატჩში.
დილა 35 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია და დინამო ბათუმი მათ 5 ქულით ჩამორება, ამიტომ ბათუმელებს უშუალო კონკურენტთან გამარჯვება მართებთ, რათა საჩემპიონო ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.
პრინციპული მატჩის წინ, ორივე გუნდს თითო ფეხბურთელი დააკლდება. დილას, დისკვალიფიკაციის გამო, ჟოაო არაუჟო გამოაკლდება, დინამო ბათუმს კი - ჟან ვიქტორი.
ტური ფოთის კოლხეთისა და დინამო თბილისის მატჩით გაიხსნება. ორივე გუნდს 18-18 ქულა აქვთ და ცხრილის შუა ნაწილში არიან, თუმცა გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 2 ქულით ასწრებენ.
ხვალ, იმერულ დერბიში სამგურალი ტორპედოს უმასპინძლებს. ტორპედოც იმ გუნდების სიას მიეკუთვნება, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.
თბილისში ერთმანეთს გაგრა და იბერია შეხვდებიან. იბერიას ამ მატჩში ქულები სჭირდება, რათა უშუალო კონკურენტების ერთმანეთთან დაპირისპირება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.
ტურს კი თელავისა და სამტრედიის მატჩი დახურავს. ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის. განსაკუთრებით, სამტრედია, რომელსაც ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს და მიზანი, მინიმუმ, მატჩის წაუგებლად ჩამთავრებაა.
მე-17 ტურის განრიგი:
27 მაისი (20:00): კოლხეთი-დინამო თბილისი
27 მაისი (21:00): დინამო ბათუმი-დილა
28 მაისი (17:00): სამგურალი-ტორპედო
28 მაისი (20:00): გაგრა-იბერია
28 მაისი (21:00): თელავი-სამტრედია