დინამო თბილისის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა Toni Kroos Academy-ის საფეხბურთო კემპში მიიღეს მონაწილეობა. საფეხბურთო ღონისძიება მადრიდში გაიმართა და 5 პატარა დინამოელი ჩაერთო:ნიკო მჭედლიშვილი, იოანე აბულაშვილი, ალექსანდრე დიასამიძე, ნიკი გუგეშაშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი.
Toni Kroos Academy-ის კემპი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შექმნილი პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ინტენსიურ ვარჯიშებს, ტექნიკურ და ტაქტიკურ მომზადებას.
კემპში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელებმა მიიღეს. მონაწილეებისთვის განსაკუთრებული ფაქტი იყო შეხვედრა პირადად ტონი კროოსთან, რომელიც სავარჯიშო პროცესს დაესწრო.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მონაწილეების ვარჯიშებს აკვირდებოდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს პროფესიულ გარემოში საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა.
ქართველ ფეხბურთელებს ინტენსიური სავარჯიშო სესიებისა და თამაშების დროს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოეჩინათ საკუთარი ტექნიკური და სათამაშო უნარები, მიეღოთ ახალი საფეხბურთო ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობები კონკურენტულ გარემოში გამოეცადათ.
დინამო თბილისის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის Toni Kroos Academy-ის კემპში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გამოცდილებაა, რაც შემდგომში საფეხბურთო უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.













