დარასელიას თასის გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობს: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
23 აგვისტოს, ტურნირის პირველ მატჩამდე, მედიას ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლები და ტურნირის ელჩები: თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი შეხვდნენ.
პირველ სათამაშო დღეს, საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო დინამო თბილისმა, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის 34-ე წუთზე მოპოვებული საჯარიმო თვითონვე უნაკლოდ, ნიკოლოზ ელისაშვილმა შეასრულა, რასაც 49-ე წუთზე, ლაშა ხუციშვილის აქტიურობის შემდეგ, უოტფორდის მხრიდან, საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა. 70-ე წუთზე, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, მატჩის საბოლოო ანგარიშს წერტილი ულამაზესი გოლით დაუსვა (3:0).
დღესვე, მეორე მატჩში, თბილისის ლოკომოტივი ვალენსიას წინააღმდეგ, ანგარიშით - 1:3 დამარცხდა. თბილისური გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი 70+2 წუთზე გიორგი მალიძემ გაიტანა.

მომდევნო მატჩი დინამო თბილისს იუვენტუსის წინააღმდეგ, 25 აგვისტოს, 21:00 საათიდან ელის, ხოლო ლოკომოტივი გალათასარაის 24 აგვისტოს, 21:00 საათზე შეხვდება.
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტაიმი 35 წუთს გრძელდება. გათამაშების არსებობის განმავლობაში პირველად, მატჩები სრულად ბუნებრივსაფარიან მოედნებზე იმართება: ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საგურამოში, ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე.
დარასელიას თასი 2024-ის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გვთავაზობს. ქართული გუნდების მონაწილეობით გამართული მატჩები პირველი არხის ეთერში გადაიცემა, ხოლო უცხოური გუნდების დაპირისპირება - პირველი არხი სპორტზე.
ჯგუფური ეტაპი 23, 24 და 25 აგვისტოს გაიმართება, 26 აგვისტოს მეოთხედფინალებია დაგეგმილი, 27-ში - ნახევარფინალი, 28 აგვისტოს კი დარასელიას თასის ფინალური დღეა.








