მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ჯუდოში, დარია ბილოდიდმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო.
24 წლის სპორტსმენმა უკრაინულ ქალთა კლუბ "მეტალისტთან" კონტრაქტი გააფორმა — აღნიშნული ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
"მეტალისტის" ქალთა კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარია ბილოდიდი გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება და ვარჯიშს დაიწყებს. ამ ეტაპზე უცნობია როდის შედგება მისი დებიუტი.
დარია ბილოდიდი თანამედროვე ქალთა ჯუდოში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია. მან პირველად 2018 წელს, 17 წლის ასაკში მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მომდევნო წელს კი აღნიშნული ტიტული დაიცვა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარდა, ბილოდიდი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ჯუდოს კარიერის განმავლობაში მის ანგარიშზე 24 ოქროს, 5 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.