მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალი გაიხსენა. ვეტერანმა შემტევმა აღნიშნა, რომ თანაქალაქელ ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩზე ის, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი ტრავმირებულები გამოვიდნენ. როგორც გვახსოვს, "სამეფო კლუბმა" ის თამაში ანგარიშით 4:1 მოიგო.
"ბევრმა არ იცის ის ფაქტი, რომ 2014 წელს, ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე, რონალდუ და ბეილი ტრავმირებულები ვიყავით. მე და კრიშტიანუს გვქონდა კუნთის დაზიანება, გარეთს კი ბარძაყში ტკივილი აწუხებდა. შეიძლება ითქვას, რომ 50%-თაც არ ვიყავით მზად. ამის მიუხედავად, მოედანზე მაინც გავედით, რადგან სამივეს ძალიან გვინდოდა თამაში", - იხსენებს ფრანგი ფორვარდი.
როგორც გვახსოვს, სწორედ 2014 წელს შეწყდა "ბლანკოსის" უტიტულო მშრალი სერია ევროსარბიელზე, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, "როხიბლანკო" იგებდა 93-ე წუთამდე, მაგრამ სერხიო რამოსის თავურმა ბერნაბეუს ბინადრები თამაშში დააბრუნა. ექსტრა ტაიმში კი რეალმა კიდევ 3 ბურთი გაიტანა.